მოლდოვამ ვულკანეშტი-კიშინიოვის 400-კილოვოლტიანი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი ოფიციალურად ჩართო.
ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, 158-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა ევროპული ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს სეპარატისტული დნესტრისპირეთის გვერდის ავლით უზრუნველყოფს.
პრეზიდენტმა მაია სანდუმ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, რომ ენერგორესურსების შეწყვეტით მოლდოვას პოლიტიკურად ვეღარავინ დააშანტაჟებს. ღონისძიებას ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსიც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთზე ქვეყნის ენერგეტიკული დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა.
ახალი ხაზის გამტარუნარიანობა 630 მეგავოლტ-ამპერს აღწევს, რაც მოლდოვის პიკური მოხმარების ნახევარზე მეტს სრულად აკმაყოფილებს.
ეს ინფრასტრუქტურა დედაქალაქ კიშინიოვს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განთავსებულ ვულკანეშტის ქვესადგურთან პირდაპირ დააკავშირებს.
ცნობისთვის, მანამდე რუმინეთიდან შესყიდული დენის დიდი ნაწილი კიშინიოვიდანამდე დნესტრისპირეთში მდებარე კუჩურგანის ენერგოჰაბის გავლით აღწევდა. ახალი მარშრუტის მეშვეობით კი კიშინიოვი ევროპულ ელექტროენერგიას სეპარატისტული რეგიონის კონტროლირებადი ქსელისგან სრულიად დამოუკიდებლად მიიღებს.
რაც შეეხება მოლდოვის გაზითა და ელექტროენერგიით მომარაგების ზოგად სქემას, ქვეყანამ რუსულ რესურსებზე უარი ეტაპობრივად თქვა.
სამთავრობო კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიისთვის კიშინიოვმა რუსული გაზის შესყიდვა 2022 წლის დეკემბერში სრულად შეწყვიტა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, სახელმწიფომ ბუნებრივი აირის შეძენა მხოლოდ ევროპული ბაზრიდან დაიწყო.
დენის შემთხვევაში, მოლდოვა ელექტროენერგიის 80%-მდე მოცულობას დნესტრისპირეთში მდებარე და რუსული კომპანია Inter RAO-ს კუთვნილ Moldavskaya GRES-ისგან იღებდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2025 წლის 1 იანვარს რუსულმა Gazprom-მა დნესტრისპირეთისთვის საწვავის მიწოდება შეაჩერა.
ნედლეულის გარეშე დარჩენილმა სადგურმა მოლდოვისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა, რამაც კიშინიოვი რუმინეთიდან იმპორტის გაზრდის აუცილებლობის წინაშე დააყენა.
























