"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა. კობახიძის განმარტებით, საუბრის მთავარი თემა რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა იყო.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მან შეიხს სოლიდარობა გამოუცხადა და რეგიონში მშვიდობის დამყარების იმედი გამოთქვა.
„გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, აშშ-ისრაელის ოპერაციის პასუხად ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა იერიში მიიტანეს ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.




























