მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამქრალი მილიონების საქმე - საქართველომ გზების კონტრაქტორებს არბიტრაჟში 187 მილიონი მოუგო

62e3893bbff86
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.22 11:17
10345
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებს, რომლებმაც მილიონობით ლარის ანაზღაურების მიუხედავად პროექტები არ განახორციელეს, სახელმწიფოს წინაშე 187 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ. 

საუბარია ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია გრიგოლეთის პირველ და მესამე მონაკვეთებზე, ასევე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის კონტრაქტორ კომპანიებზე. 

კომპანია Altcom-ს 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტით, ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი გზა 153 მილიონ ლარად უნდა აეშენებინა. მრავალმილიონიანი ავანსების მიღების შემდეგ, კომპანიამ მხოლოდ 2 კმ ააშენა და ფაქტობრივად გაქრა, რის შემდეგაც მასთან დავა დაიწყო. კომპანიასთან დავა 18.4 მილიონი ევროს ავანსს და 6.7 მილიონი ევროს საბანკო გარანტიას შეეხებოდა.

Altcom-თან ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, მთავრობამ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის აშენებისთვის კონტრაქტი აზერბაიჯანულ კომპანია “აკკორდთან” გააფორმა, რომელმაც ასევე არ შეასრულა კონტრაქტის პირობები და მასთანაც კონტრაქტი შეწყდა. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე - 12.5-კილომეტრიანი მონაკვეთიც პრობლემურია, სადაც 2017 წელს 138-მილიონიანი კონტრაქტი იტალიურ ფირმა Todini-სთან გაფორმდა, თუმცა პროექტი სრულფასოვნად არ განხორციელდა და ბიუჯეტმა მილიონობით ლარით იზარალა.

ორივე კონტრაქტორთან დავა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა. "ალტკომთან" და "ტოდინისთან" დავაში საქართველოს იურიდიული ფირმა White & Case-ი წარმოადგენდა, უშუალოდ "ალტკომის" საქმეზე იურიდიული მომსახურება ბიუჯეტს 8.1 მილიონი ლარი დაუჯდა, Todini-ისთან დავაში კი იურიდიულმა ფირმამ 17.6 მილიონი ლარის ანაზღაურება მიიღო.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთს კი იტალიური კომპანია Astaldi აშენებდა, კომპანიამ ავანსად მიღებული 50 მილიონის მიუხედავად, საგზაო სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა. 

"საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყო სამართლებრივი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში. დავები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების ჩართულობით, პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობდა.

არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა.

ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობაც, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წელს დასრულდება. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთს, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

2018-2022 წლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებით ამოღებული თანხების ჯამური ოდენობა დაახლოებით 311 მილიონ ლარს შეადგენს,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები