მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამწვავებული პოლიტიკური პროცესების ფონზე მეტად გამოჩნდა, რამდენად ობიექტურია სების გადაწყვეტილებები - მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი

“საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ბერკეტები და ჩანაწერები, რომლებიც ფორმალურად ამყარებს ეროვნული ბანკის და მისი საბჭოს წევრების დამოუკიდებლობას, ადგილზეა. ამ ნაწილში გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო დიდი პრობლემაა თვითონ ის გარემო, რომელშიც ეროვნულ ბანკს, როგორც ინსტიტუციას, უწევს ოპერირება”- ასე ეხმაურება კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი ევროკომისიის ანგარიშში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერების საჭიროების შესახებ ჩანაწერს.

ევროკომისიის ანგარიშში საუბარია ინსტიტუციურ სისუსტეებზეც როგორც სასამართლო სისტემაში, ისე საქართველოს ეროვნულ ბანკში. ევროკომისია მიიჩნევს, რომ სებს დამოუკიდებლობის გაძლიერება სჭირდება და ასევე უნდა გამკაცრდეს ბანკის საბჭოს წევრთა შერჩევისთვის საჭირო კვალიფიკაციის კრიტერიუმები. მათი შეფასებით, დებულება, რომელიც საშუალებას აძლევს პირველ ვიცე-პრეზიდენტს განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა, ისევე როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი ორგანოების წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები, არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.

“მე ასეთი აღქმა მაქვს, რომ ეს აპელირება ამ კონკრეტულ ასპექტებზე, ფორმალური მხარეა და ამის უკან სინამდვილეში დგას ის, რაზედაც ასე პირდაპირ ვერავინ ხაზგასმით ვერ ისაუბრებს. თუ ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელშიც კანონის უზენაესობა უკვე აღარ არსებობს, ჩვენ ვერ გვექნება მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკი იქნება დამოუკიდებელი, როდესაც მისი პრეზიდენტი და საბჭოს წევრები და მათ დამოუკიდებლობაში არა მარტო ეჭვი გვეპარება, ძალიან ცხადია, რომ ეს არის ძალიან პატარა იურისდიქცია, ყველა ყველას ვიცნობთ, არის ინფორმაციები, მე ამ სფეროში მოღვაწეობ და გარკვეული ინფორმაციები მომდის მეც, რომელსაც ვერ გავაჟღერებ, მაგრამ დიდი ალბათობით ვიცით დაახლოებით ფაქტების შესახებ.

სრულიად გაუმჭვირვალეა ეროვნული ბანკის საქმიანობა და მისი დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, კითხვის ნიშნის ქვეშ არის იმიტომ, რომ არც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, არც პოლიცია არ არის დამოუკიდებელი, არც პარლამენტი არ არის დამოუკიდებელი, ერთი ადამიანის ვერტიკალში ზის დაკვეთის მიღება და შესრულება. ამ პირობებში როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და ყველა დანარჩენი არადამოუკიდებელი, გამორიცხულია ხომ?! ეს არის მმართველობის სტილი და ეს მმართველობითი გარემო ვერ მისცემს ვერანაირად ეროვნულ ბანკს და მისი საბჭოს წევრებს შესაძლებლობას, რომ იყვნენ დამოუკიდებლები, როდესაც მინისტრიც დაკვეთას ასრულებს, მოსამართლეც…

კონტროლის და უფლებამოსილებების ბალანსი მორღვეულია თავიდან ბოლომდე მთელს ქვეყანაში და რაც არ უნდა კარგად მუშაობდეს ეროვნული ბანკი, ამ გარემოში შეუძლებელია, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ ის იმუნურია ამის მიმართ.

დიდი ხანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი დგას, მაგრამ ახლა გამწვავებულია ცხადია იმიტომ, რომ ზოგადად გარემო კიდევ უფრო გაუარესებულია და უამრავი ფაქტობრივი გარემოება იძლევა სარწმუნო საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ ის არ არის და ვერ იქნება დამოუკიდებელი…

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია იქ და წლებია უკვე ეს კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ ეს ბოლო ორი წელი, წელიწად-ნახევარი, ამ გამწვავებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც უფრო კარგად გამოჩნდა რამდენად ობიექტური არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები, პოლიტიკური კონტექსტის პარალელურად და რამდენად დამოუკიდებლად მუშაობს, აი ამ პირობებში სტრეს-ტესტივით არის, ანუ უფრო კარგად ჩანს, მართლა დამოუკიდებელია თუ არა და არის თუ არა პოლიტიკურად ანგაჟირებული”,- აცხადებს მარინა გულედანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები