მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„განახლებადი ენერგიის პროექტების ზემოქმედების არეალში მცხოვრებ ადგილობრივ თემებზე გრძელვადიანი სარგებლის განაწილების“ შესახებ საქართველოს კანონის მიღების აუცილებლობა

ლევან კოკაია
10.02.26 11:26
136

ლევან კოკაია - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის იურისტი (GREDA)

საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ბოლო წლებში ინტენსიური ტრანსფორმაციის პროცესშია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით. ჰიდრო, მზის და ქარის რესურსების ათვისება ქვეყნისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების ალტერნატიულ წყაროს, არამედ ენერგოდამოუკიდებლობის, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისა და კლიმატური ვალდებულებების შესრულების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. საქართველოს გეოგრაფიული და ბუნებრივი პოტენციალი ქმნის რეალურ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბადაც კი ჩამოყალიბდეს.

ამავდროულად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას თან ახლავს რიგი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევები. განახლებადი ენერგიის პროექტები, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურები მეტწილად სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება, სადაც მოსახლეობა უშუალოდ განიცდის პროექტების ზემოქმედებას.

ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამართლიანი ბალანსის დაცვა სახელმწიფოს, ინვესტორისა და ადგილობრივი თემების ინტერესებს შორის. თუ ენერგეტიკული პროექტები მხოლოდ კერძო ეკონომიკურ სარგებელზე იქნება ორიენტირებული და ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იგრძნობს პირდაპირ და ხელშესახებ სარგებელს, ეს ზრდის სოციალური დაპირისპირების, პროტესტებისა და პროექტების შეფერხების რისკს. შესაბამისად, თანამედროვე ენერგეტიკული პოლიტიკა მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკურ და ფინანსურ ეფექტიანობას, არამედ სოციალური სამართლიანობისა და ჩართულობის პრინციპების გათვალისწინებას.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხად შეიძლება შეფასდეს. მისი მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის პროექტებიდან მიღებული ეკონომიკური სარგებლის სისტემურ, გამჭვირვალე და გრძელვადიან განაწილებას ადგილობრივი თემების სასარგებლოდ. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს ენერგეტიკული განვითარების სოციალურ ლეგიტიმაციას და ქმნის მდგრადი განვითარების საფუძველს.

1.კანონპროექტის მიზანი და მიღების საფუძველი

კანონპროექტის ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სამართლებრივად დაარეგულიროს განახლებადი ენერგიის პროექტების ზემოქმედების არეალში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები და უზრუნველყოს მათთვის გრძელვადიანი მატერიალური და სოციალური სარგებლის მიღება. ეს გულისხმობს არა ერთჯერად კომპენსაციებს, არამედ სტრუქტურირებულ და სისტემურ მექანიზმებს, რომლებიც პროექტის სიცოცხლის ციკლის განმავლობაში უზრუნველყოფს თემების განვითარებას.

რეგულირების კონცეფცია ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება:
პირველი - ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ორგანოების როლის გაძლიერება და მათთვის კონკრეტული ვალდებულებების განსაზღვრა;
მეორე - პროექტებიდან მიღებული შემოსავლების გარკვეული ნაწილის მიზნობრივი გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ.

აღნიშნული მიდგომა ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა. არაერთ შემთხვევაში ენერგეტიკული პროექტები გახდა სოციალური დაძაბულობის მიზეზი, რადგან მოსახლეობა ვერ ხედავდა საკუთარ პირდაპირ სარგებელს. ასეთ ვითარებაში ინვესტიციები აწყდებოდა წინააღმდეგობას, იზრდებოდა სამართლებრივი დავები და პროექტების განხორციელების ვადები მნიშვნელოვნად იწელებოდა. შედეგად ზარალდებოდა როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო.

ამ კონტექსტში კანონპროექტი წარმოადგენს პრევენციულ ინსტრუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებას და კონფლიქტების თავიდან აცილებას. იგი ქმნის წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და მექანიზმებს, რაც ზრდის პროგნოზირებადობას, როგორც ინვესტორებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ამასთან, კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო სტრატეგიულ დოკუმენტებთან - სამთავრობო პროგრამასთან და განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან. ეს მიუთითებს, რომ ინიციატივა არ არის იზოლირებული საკანონმდებლო ცვლილება, არამედ წარმოადგენს ენერგეტიკული პოლიტიკის სისტემურ გაგრძელებას.

2.რეგულირების სფერო და მოქმედების ფარგლები

კანონის პროექტის რეგულირების საგანია განახლებადი ენერგიის პროექტებიდან მისაღები სარგებლის სამართლიანი განაწილების მექანიზმების ჩამოყალიბება და მათი პრაქტიკული დანერგვის პროცედურების განსაზღვრა. ამით იქმნება ერთიანი სამართლებრივი სტანდარტი, რომელიც ვრცელდება სექტორში მოქმედ ყველა შესაბამის პროექტზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ობიექტებით, რომლებიც ექვემდებარებიან გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას. იგი ვრცელდება ფართო სპექტრის ენერგეტიკულ პროექტებზე, რაც უზრუნველყოფს უნივერსალურობას და გამორიცხავს სამართლებრივი ვაკუუმის არსებობას. შედეგად, მცირე და საშუალო მასშტაბის პროექტებიც ექცევა ერთიან წესრიგში.

მისი მოქმედება ასევე დაკავშირებულია პროექტის ექსპლუატაციის მთელ პერიოდთან. ეს ნიშნავს, რომ სარგებლის განაწილება არ არის ერთჯერადი ან მოკლევადიანი ღონისძიება, არამედ გრძელვადიანი ვალდებულება, რომელიც თან ახლავს პროექტს მისი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში. სწორედ ეს ქმნის რეალურ და მდგრად ეკონომიკურ ეფექტს ადგილობრივი თემებისთვის.

3.სტრუქტურა და ძირითადი დებულებები

პირველ ეტაპზე განსაზღვრულია ზოგადი დებულებები, ტერმინთა განმარტებები და რეგულირების ძირითადი მიზნები, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს. შემდგომ ნაწილში გაწერილია სარგებლის განაწილების პრინციპები და დაფინანსების მექანიზმები.

ტერმინოლოგიის ჰარმონიზაცია მოქმედ ენერგეტიკულ და თვითმმართველობის კანონმდებლობასთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს ნორმების ერთიან ინტერპრეტაციას და ამცირებს სამართლებრივი გაურკვევლობის რისკს. პრაქტიკაში ეს ამარტივებს ადმინისტრირებას და ამცირებს დავების წარმოშობის ალბათობას.

გარდა ამისა, მკაფიოდ არის განსაზღვრული პასუხისმგებელი სუბიექტები, მათი უფლებამოსილებები და ვალდებულებები, რაც ქმნის ინსტიტუციურ სიცხადეს. სწორედ ასეთი სისტემურობა განაპირობებს რეგულირების ეფექტიანობას.

4.ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და საზოგადოების მონაწილეობა

კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემების ჩართულობის გაძლიერება. მუნიციპალიტეტები აღარ არიან მხოლოდ ფორმალური მონაწილეები, არამედ ხდებიან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის აქტიური სუბიექტები.

დასახლების საერთო კრების ინსტიტუტი უზრუნველყოფს უშუალო დემოკრატიის ელემენტს, სადაც მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა განიხილოს წარმოდგენილი წინადადებები, გამოხატოს პოზიცია და შეიმუშაოს ალტერნატიული გეგმები. ასეთი მოდელი ზრდის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და ნდობას.

საზოგადოებრივი მონაწილეობა ასევე ამცირებს კონფლიქტების რისკს. როდესაც თემები თავს გადაწყვეტილების თანამონაწილედ გრძნობენ, ისინი უფრო მეტად უჭერენ მხარს პროექტებს, რაც საბოლოოდ ინვესტორთათვისაც უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოს ქმნის.

5.ფინანსური ასპექტები

კანონპროექტის მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ მისი განხორციელება არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. სარგებლის განაწილება ეფუძნება თავად პროექტებიდან გენერირებულ ეკონომიკურ რესურსებს, რაც უზრუნველყოფს მოდელის ფინანსურ მდგრადობას.

მოსალოდნელია, რომ მუნიციპალიტეტების შემოსავლები გაიზრდება, რაც მათ საშუალებას მისცემს დააფინანსონ ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები - გზები, სკოლები, წყალმომარაგება, საზოგადოებრივი სერვისები და სხვა. შედეგად, ენერგეტიკული ინვესტიციები გადაიქცევა რეგიონული განვითარების კატალიზატორად.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ქმნის „გაზიარებული ღირებულების“ მოდელს, როდესაც კერძო ინვესტიცია და საზოგადოებრივი კეთილდღეობა ერთმანეთთან ჰარმონიულად არის დაკავშირებული. საბოლოოდ, კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ ენერგეტიკის სექტორის ზრდა პირდაპირ აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

6.საერთაშორისო და სამართლებრივი კონტექსტი

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა არ ვითარდება იზოლირებულ სამართლებრივ სივრცეში. ქვეყანა არის საერთაშორისო ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი ვალდებულებების მონაწილე, რაც განსაზღვრავს როგორც სექტორის განვითარების სტრატეგიას, ისე კონკრეტული რეგულაციების შინაარსს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, ეტაპობრივად დააახლოოს ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან და უზრუნველყოს კონკურენტული, გამჭვირვალე და მდგრადი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება.

ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა და განახლებადი ენერგიის ფარგლებში მოქმედი დირექტივები, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ არა მხოლოდ ბაზრის ლიბერალიზაციასა და დეკარბონიზაციას, არამედ სოციალური სამართლიანობისა და ადგილობრივი თემების ჩართულობის პრინციპებსაც. თანამედროვე ევროპულ პრაქტიკაში სულ უფრო ფართოდ ინერგება ე.წ. “community benefit sharing“ და “just transition“-ის კონცეფციები, რომლებიც ითვალისწინებენ, რომ ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს არა მხოლოდ ზემოქმედების ობიექტი, არამედ განვითარების პირდაპირი ბენეფიციარი.

ამ კონტექსტში განსახილველი კანონპროექტი შეიძლება შეფასდეს, როგორც საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების პრაქტიკული იმპლემენტაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. იგი ხელს უწყობს იმ მოდელის დამკვიდრებას, სადაც ენერგეტიკული პროექტები ემყარება სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანი განაწილების პრინციპებს, რაც სრულ თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან.

ამასთანავე, კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ არცერთ საერთაშორისო შეთანხმებას და ორგანულად ებმის მოქმედ ეროვნულ სამართლებრივ ჩარჩოს. იგი ავსებს და ავითარებს ისეთ ფუნდამენტურ საკანონმდებლო აქტებს, როგორიცაა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონები. თუ აღნიშნული აქტები ძირითადად ორიენტირებულია ბაზრის ორგანიზაციასა და ინვესტიციების წახალისებაზე, წარმოდგენილი ინიციატივა სოციალურ კომპონენტს ამატებს და ქმნის უფრო დაბალანსებულ და ადგილობრივი თემის სოციალურ განვითარებაზე ფოკუსირებულ მარეგულირებელ სისტემას.

შედეგად, კანონპროექტი შეიძლება ჩაითვალოს ენერგეტიკული სამართლის და მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართლის ევოლუციის ბუნებრივ ეტაპად, რომელიც სექტორს მხოლოდ ეკონომიკური ეფექტიანობის ფარგლებს სცილდება და მას სოციალური პასუხისმგებლობის განზომილებასაც ანიჭებს.

7.გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტები

განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებისას გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ერთი მხრივ, ასეთი პროექტები ემსახურება კლიმატის ცვლილების შერბილებას, სათბური გაზების ემისიების შემცირებას და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას; მეორე მხრივ კი, მათი რეალიზაცია ადგილობრივ დონეზე გარკვეულ ზემოქმედებებსაც იწვევს, რაც საჭიროებს დაბალანსებულ და პასუხისმგებლიან მიდგომას.

დეველოპერებისა და ადგილობრივი ბიზნესების თანამშრომლობა შეიძლება გახდეს პოზიტიური გარემოსდაცვითი ეფექტის მნიშვნელოვანი წყარო. მაგალითად, ადგილობრივი მომწოდებლების ჩართულობა ამცირებს სატრანსპორტო მანძილებს, ლოგისტიკურ ხარჯებს და შესაბამისად, ნახშირბადის ემისიებს. ამგვარი ეკონომიკური ლოკალიზაცია არა მხოლოდ გარემოსდაცვითად, არამედ სოციალურ-ეკონომიკურადაც ხელსაყრელია.

სოციალური კუთხით, სარგებლის განაწილების მექანიზმი ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ლოკალური თემების განვითარებისთვის. პროექტებიდან მიღებული რესურსები შეიძლება მიმართული იყოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების გაძლიერებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. შედეგად, ენერგეტიკული პროექტები იქცევა არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტად, არამედ ადგილობრივი განვითარების ერთ-ერთ ფუნდამენტად.

გარდა ამისა, როდესაც მოსახლეობა ხედავს კონკრეტულ და ხელშესახებ სარგებელს, იზრდება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დონეც. ადგილობრივი თემები უფრო მეტად ინტერესდებიან პროექტების მდგრადობით, გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულებითა და რესურსების რაციონალური გამოყენებით. ამგვარად, სოციალური ჩართულობა ქმნის დამატებით სტიმულს ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევისთვის.

საბოლოოდ, კანონპროექტი ხელს უწყობს ეკოლოგიური და სოციალური მიზნების ერთიან განხორციელებას, ანუ ისეთი განვითარების მოდელის ჩამოყალიბებას, სადაც გარემოს დაცვა და ადგილობრივი კეთილდღეობა ერთმანეთის წინააღმდეგ არ დგას, არამედ ისინი ურთიერთშემავსებელ ფაქტორებად გვევლინება.

8.საბოლოო შეფასება და პრაქტიკული მნიშვნელობა

წარმოდგენილი რეგულირების მოდელი პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ამცირებს ინვესტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ინტერესთა კონფლიქტს და ქმნის თანამშრომლობის უფრო სტაბილურ საფუძველს. ენერგეტიკული პროექტების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ნდობის არსებობაზე. სწორედ ეს ფაქტორი ხშირად განაპირობებს პროექტის დროულ განხორციელებას ან პირიქით, მის შეფერხებას.

ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტებისთვის, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ლანდშაფტზე, მიწათსარგებლობასა და ადგილობრივ სოციალურ გარემოზე, მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია. რეგულირებული სარგებლის განაწილების მექანიზმი ამ პროცესს ინსტიტუციურ საფუძველს აძლევს და მას სპონტანური შეთანხმებების ნაცვლად სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს.

ინვესტორებისთვის ასეთი მოდელი ზრდის პროგნოზირებადობას. როდესაც წინასწარ არის განსაზღვრული, რა ვალდებულებები და პროცედურები არსებობს, მცირდება გაურკვევლობა, სამართლებრივი დავების რისკი და ფინანსური დანაკარგები. შესაბამისად, რეგულაცია ქმნის უფრო მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსაც.

პრაქტიკაში ეს შეიძლება გამოიხატოს პროექტების განხორციელების უფრო მოკლე ვადებში, ნაკლებ სოციალურ წინააღმდეგობაში და უფრო მაღალი ხარისხის პარტნიორობაში ადგილობრივ თემებთან. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციალური სამართლიანობის, არამედ ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისითაც.

დასკვნა

განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს, თუმცა ამ პროცესის წარმატება შეუძლებელია ადგილობრივი თემების ინტერესების სათანადო გათვალისწინების გარეშე. თანამედროვე ენერგეტიკული პოლიტიკა მოითხოვს არა მხოლოდ ინვესტიციების ზრდას, არამედ იმგვარი მმართველობის მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სარგებლის სამართლიან განაწილებას და საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას.

წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის სწორედ ასეთ ინსტიტუციურ ჩარჩოს. იგი აყალიბებს მკაფიო წესებს, განსაზღვრავს პასუხისმგებლობებს და უზრუნველყოფს, რომ ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებული ეკონომიკური შედეგები პირდაპირ აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამგვარი მიდგომა აძლიერებს სოციალურ ნდობას, ამცირებს კონფლიქტებს და ზრდის სექტორის მდგრადობას.

მისი მიღება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული სექტორის უფრო დაბალანსებულ, ინკლუზიურ და პასუხისმგებლიან განვითარებას, გააძლიერებს მუნიციპალიტეტებს, შექმნის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონებში და დააახლოებს საქართველოს სამართლებრივ პრაქტიკას ევროპულ სტანდარტებთან.

შედეგად, კანონპროექტი შეიძლება შეფასდეს არა მხოლოდ როგორც ცალკეული საკანონმდებლო ცვლილება, არამედ როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის ხარისხობრივ განახლებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები