"საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) იურისტი ლევან კოკაიას შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ქსელის წესებში შეტანილი ბოლო ცვლილებები, რომლებიც ჰესების, მზისა და ქარის ელექტროსადგურების გადამცემ ქსელთან მიერთების წესებს ეხება, დარგში თამაშის წესებს არსებითად ცვლის.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, ცვლილებების მთავარი მიზანი ქაღალდზე არსებული, ე.წ. „ბუტაფორიული პროექტებისგან“ ბაზრის გათავისუფლება და ქსელური რესურსის რაციონალური გადანაწილებაა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის ივნისში სემეკმა „ქსელის წესებში“ ცვლილებები შეიტანა. ახალი დადგენილება, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, მკაცრად არეგულირებს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების (ჰესები, მზისა და ქარის სადგურები) გადამცემ ქსელთან მიერთების პირობებს. ცვლილებების მთავარი მიზანი გადამცემი ქსელის სწორი დაგეგმარება, საჯარო ინტერესების დაცვა და ე.წ. „ქაღალდზე არსებული“ პროექტების მიერ ქსელური სიმძლავრეების უსაფუძვლოდ დაკავების პრევენციაა.
ლევან კოკაიას შეფასებით, სემეკის გადაწყვეტილება არ არის იზოლირებული ნაბიჯი - ეს არის გაგრძელება იმ ფართომასშტაბიანი რეფორმისა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის აგვისტო-სექტემბერში დაიწყო.
“სამინისტრომ გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნა იმ კომპანიებს, რომელთაც მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებები წლების განმავლობაში ჰქონდათ შეჩერებული, და მათგან პროგრესის რეალური მტკიცებულებები მოითხოვა. ქსელის წესებში შესული ცვლილებაც სწორედ ამ პოლიტიკის გამოძახილია. ვინაიდან ელექტროგადამცემი ქსელი შეზღუდული და ძვირფასი ეროვნული რესურსია, სახელმწიფო უარს ამბობს მის ხელოვნურ ბლოკირებაზე”, - აღნიშნა მან.
პრინციპი: გამოიყენე ან დაკარგე
GREDA-ს იურისტის განმარტებით, ახალი მიდგომის პრინციპია Use it or lose it ანუ გამოიყენე ან დაკარგე, რომელიც ევროპულ მოდელის მსგავსია.
"თუ შენ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულე დროულად, მე რომ შენზე გავეცი ტექნიკური პირობა და მიერთების ხელშეკრულება მოგეცი, კეთილი ინებე და დამიბრუნე ეს ხელშეკრულება... თუ არ აშენებ, მოდი სხვას ავაშენებინოთ. ეს არის აბსოლუტურად სწორი და სამართლიანი მიდგომა…
ეს არ არის ქართული ნოუ-ჰაუ. საერთაშორისო პრაქტიკაში (ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, დანია) თავდაპირველად მოქმედებდა რიგითობის პრინციპი უვადო უფლებით, თუმცა ბაზრის ბოროტად სარგებლობის თავიდან ასაცილებლად, ევროპულმა ქვეყნებმაც მკაცრი „მაილსტოუნები“ (შესასრულებელი ეტაპები) დააწესეს. დასავლეთში გადამცემი თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ინვესტორებისგან მკაცრად ითხოვენ ანგარიშს, თუ რა ვადებში წარადგინეს, მაგალითად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშები”, - განმარტა მან.
მთავარი რისკი: ბიუროკრატიული ლაბირინთები
რამდენად დიდია კეთილსინდისიერი ინვესტორებისთვის ხელოვნურად ბიუროკრატიული ბარიერების შექმნის რისკი - “წერტილის” წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად, ლევან კოკაიამ, რომელიც ცვლილებების ფილოსოფიას ემხრობა, განაცხადა, რომ სამართლებრივ რისკებს თავადაც ხედავს.
პრობლემის შექმნის რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი წესი არ შეიცავს პირდაპირ დამცავ მექანიზმებს იმ შემთხვევებისთვის, როცა პროექტი ინვესტორისგან დამოუკიდებელი, ბიუროკრატიული მიზეზებით ფერხდება.
განსაკუთრებით დიდხანს ჭიანურდება მაღალი დადგმული სიმძლავრის ჰესების მშენებლობა. მიწის უფლებების მოპოვებისას პროექტი შესაძლოა გადაიკვეთოს: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან; სტრატეგიულ მილსადენებთან; სხვა სახელმწიფოებრივ ინფრასტრუქტურასთან.
იურისტი ადასტურებს, რომ ეს რისკი რეალურია და მსგავსი შემთხვევები მომავალში აუცილებლად გახდება დავის საგანი.
მოლოდინები: ბაზრის გაჯანსაღება და რეალური მეგავატები
რაც შეეხება მოლოდინებს, მთლიანობაში, GREDA-ს იურისტი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები ბაზრიდან გააქრობს იმ მოთამაშეებს, რომლებიც მხოლოდ პროექტების მუდმივ გადავადებაზე იყვნენ ორიენტირებულნი.
“ინვესტორი, რომელსაც არ გააჩნია სათანადო ფინანსური კაპიტალი და ადამიანური რესურსი, ამ საქმეს უბრალოდ ვეღარ გაეკარება, ხოლო იმ პასუხისმგებლიან ინვესტორებს, რომელთაც საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლიათ, წესების გამკაცრებით ბევრი არაფერი შეეცვლებათ…
ყველას გვირჩევნია, რომ აშენდეს შედარებით უფრო დაბალი სიმძლავრეები, შევიდეს ექსპლუატაციაში, მაგრამ რეალურად შევიდეს, ვიდრე იურიდიულად არსებობდეს უამრავი მემორანდუმი რაღაც ტიტანურ მეგავატებზე და ეს იყოს უბრალოდ ბუტაფორია. ჩვენ გვაინტერესებს რეალური შედეგი, ექსპლუატაციაში შესული მეგავატები და არა - განაცხადების სიმრავლე“, - აცხადებს ლევან კოკაია.




























