ლევან კოკაია - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA)
იურისტი.
- საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის ახალი ეტაპი
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სექტორი უპრეცედენტო ინტერესის ობიექტად იქცა. ასობით მეგავატის სიმძლავრის ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები, სახელმწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმები, ჩატარებული CfD აუქციონები და ქსელთან მიერთების მოთხოვნები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანა რეგიონში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდებოდა. თუმცა, რაოდენობრივი ზრდა ყოველთვის არ ნიშნავდა რეალურად განხორციელებულ ინვესტიციებს.
სექტორში ჩამოყალიბდა პრაქტიკა, როდესაც ეკონომიკურ ღირებულებას ქმნიდა არა აშენებული ელექტროსადგური, არამედ მის მშენებლობაზე მოპოვებული უფლება. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ინვესტორი მოიპოვებდა ქსელთან მიერთების შესაძლებლობას, სახელმწიფოსთან გააფორმებდა მემორანდუმს ან მოიგებდა მხარდაჭერის სქემას, რის შემდეგაც თავად პროექტის განხორციელების ნაცვლად ამ უფლებების გასხვისებას ან გადაყიდვას ცდილობდა. შედეგად, გადამცემი ქსელის მნიშვნელოვანი რესურსი წლების განმავლობაში „დაჯავშნილი“ რჩებოდა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც რეალურ სამშენებლო ეტაპზეც კი არ გადადიოდა.
ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის არ ყოფილა დამახასიათებელი. ევროპულ პრაქტიკაში მას Paper Projects, Capacity Hoarding ან Connection Queue Speculation ეწოდება. ასეთი პროექტები აფერხებს რეალურ ინვესტიციებს, ზრდის სისტემურ გაურკვევლობას და ამცირებს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ეფექტიან გამოყენებას.
სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2026 წლის ივნისში მიღებულ ცვლილებებს ქსელის წესებში. ახალი რეგულაციები არსებითად ცვლის თამაშის წესებს. გადამცემი ქსელის ოპერატორს ეძლევა შესაძლებლობა, აღარ შეინარჩუნოს მიერთების შეთავაზება ან ხელშეკრულება იმ პროექტებისთვის, რომლებიც სამინისტროს ინფორმაციით არც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და არც მშენებლობის ეტაპზე არ იმყოფებიან. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმასაც, რომ განაცხადში მითითებული სიმძლავრე შეესაბამებოდეს პროექტის რეალურ პარამეტრებს, ხოლო კვლევის ეტაპზე მყოფ პროექტებს ვადების გაგრძელების შესაძლებლობა მკაცრად განსაზღვრული პირობებით ენიჭებათ.
ამ ცვლილებების მთავარი აზრი მარტივია - ქსელის რესურსი უნდა ეკუთვნოდეს არა „ქაღალდზე არსებულ“ პროექტებს, არამედ იმ ინვესტორებს, რომლებიც რეალურად აშენებენ ელექტროსადგურებს. ეს არის თანამედროვე ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირის მრავალი ქვეყანა უკვე წლებია წარმატებით იყენებს.
მსგავსი მიდგომები დანერგილია ესპანეთში, სადაც ქსელზე წვდომა ეტაპობრივ ვალდებულებებსა და მკაცრ ვადებს დაუკავშირეს; დიდ ბრიტანეთში, სადაც „First Ready, First Connected“ პრინციპმა შეცვალა ძველი „First Come, First Served“ მოდელი; გერმანიაში და იტალიაში კი ქსელის სიმძლავრის დაჯავშნა პირდაპირ უკავშირდება პროექტის რეალურ პროგრესს. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სპეკულაციური განაცხადების რაოდენობა და გათავისუფლებული ქსელის სიმძლავრე რეალურ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდა.
თუმცა, საქართველოს განახლებადი ენერგეტიკა უკვე ახალი გამოწვევის წინაშეც დგას. თუ რამდენიმე წლის წინ მთავარი პრობლემა პროექტების განუხორციელებლობა იყო, დღეს სულ უფრო ხშირად დღის წესრიგში დგება განახლებადი ენერგიის სიჭარბის მართვა.
საქართველოს ენერგეტიკის მომავალი უკვე აღარ განისაზღვრება მხოლოდ იმით, რამდენი ახალი პროექტი გამოცხადდება. წარმატებას განსაზღვრავს ის, რამდენად სწრაფად აშენდება რეალური ელექტროსადგურები, რამდენად ეფექტიანად იქნება გამოყენებული გადამცემი ქსელი და რამდენად მოქნილი გახდება მთლიანად ენერგოსისტემა.
2026 წლის რეგულაციური ცვლილებები სწორედ ამ ახალი ეტაპის დასაწყისია. ისინი ქმნის ბაზარს, სადაც უპირატეს მდგომარეობაშია არა ის, ვინც მხოლოდ უფლებებს ფლობს, არამედ ის, ვინც რეალურად ახორციელებს ინვესტიციას, აშენებს ელექტროსადგურს და ქმნის ახალ გენერაციას. ასეთი ტრანსფორმაცია არის აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ საქართველომ სრულად გამოიყენოს საკუთარი განახლებადი ენერგეტიკული პოტენციალი და ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად.
2. საერთაშორისო გამოცდილება – როდესაც „ქაღალდების პროექტების“ ეპოქა დასრულდა
საქართველო ამ მიმართულებით არც პირველი ქვეყანაა და ცხადია, არც უკანასკნელი. განახლებადი ენერგეტიკის სწრაფი განვითარების პარალელურად, მსგავსი პრობლემა პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანას შეექმნა – ათასობით მეგავატის სიმძლავრე ქსელში დაჯავშნილი იყო ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც რეალურად არც ფინანსურად და არც ტექნიკურად მზად არ იყვნენ განხორციელებისთვის.
სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები ე.წ. „Use it or Lose it“ პრინციპის დასანერგად. ეს ნიშნავს, რომ ქსელზე წვდომა აღარ არის მუდმივი ან სპეკულაციის საგანი – თუ ინვესტორი დადგენილ ვადებში ვერ ადასტურებს პროექტის რეალურ პროგრესს, იგი კარგავს როგორც ქსელზე წვდომის უფლებას, ისე შესაბამის პრიორიტეტს.
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ესპანეთი, რომელმაც 2020 წელს საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში პროექტებისთვის დააწესა მკაფიო განვითარების ეტაპები (Milestones). ინვესტორი ვალდებულია განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინოს გარემოსდაცვითი ნებართვები, მშენებლობის ნებართვა და სხვა აუცილებელი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად კარგავს ქსელში დაჯავშნილ სიმძლავრეს.
მსგავსი რეფორმა განახორციელა დიდმა ბრიტანეთმაც, სადაც ეროვნული სისტემის ოპერატორი უკვე ეტაპობრივად გადადის „First Ready, First Connected“ მოდელზე. ახალი მიდგომის მიხედვით, ქსელთან პირველად ერთვება არა ის, ვინც განაცხადი პირველმა შეიტანა, არამედ ის, ვინც რეალურად მზად არის მშენებლობის დასაწყებად და შემდგომ კომერციული ექსპლუატაციისთვის.
გერმანიაში, იტალიასა და დანიაში ასევე მნიშვნელოვნად გამკაცრდა მოთხოვნები ქსელის სიმძლავრის დაჯავშნასთან დაკავშირებით. საერთო მიდგომა ყველგან ერთია – გადამცემი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს შეზღუდულ და მაღალი ღირებულების ეროვნულ რესურსს, ამიტომ მისი გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ პროექტს, რომელსაც რეალური განხორციელების შესაძლებლობა გააჩნია.
სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს მიერ განხორციელებული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია ევროპულ პრაქტიკასთან. ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა თანდათან გადადის სპეკულაციური პროექტების ეკონომიკიდან შესრულებაზე (performance) დაფუძნებულ ბაზარზე, სადაც მთავარი ღირებულება უკვე არა მოპოვებული უფლება, არამედ აშენებული ელექტროსადგურია.
3. ახალი გამოწვევა – როგორ უნდა მართოს საქართველომ განახლებადი ენერგიის სიჭარბე?
თუ წარსულში სექტორის მთავარი გამოწვევა „ქაღალდზე არსებული“ პროექტები იყო, დღეს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ კი, სეზონურად სულ უფრო აქტუალური ხდება განახლებადი ენერგიის სიჭარბის მართვა.
გაზაფხულისა და ზაფხულის გარკვეულ პერიოდებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება მაღალია, მზის ელექტროსადგურებიც პიკურ რეჟიმში მუშაობენ, ხოლო შიდა მოხმარება შედარებით დაბალია, სისტემას შესაძლოა აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, მთლიანად მიიღოს გენერირებული ენერგია. ასეთ დროს სისტემური უსაფრთხოების მიზნით ელექტროსადგურებს დროებით უწევთ გამომუშავების შემცირება, რაც პირდაპირ აისახება მათ ეკონომიკურ შედეგებზე.
ენერგიის დაგროვების სისტემები (BESS) და Pumped Storage Hydropower, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის ყველაზე ცნობილი გადაწყვეტებია. თუმცა, თანამედროვე ენერგეტიკული სისტემები გაცილებით ფართო ინსტრუმენტებს იყენებენ.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია ელექტროენერგიის მოთხოვნაზე ოპერატიული რეაგირება (Demand Response), როდესაც მსხვილი საწარმოები ან ენერგომოხმარების მაღალი ინტენსივობის მომხმარებლები ფასობრივი სიგნალების ან ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დროებით ზრდიან ან ამცირებენ ელექტროენერგიის მოხმარებას. ფაქტობრივად, სისტემა ენერგიას ინახავს არა აკუმულატორში, არამედ მოქნილ მოხმარებაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დინამიკური ტარიფების დანერგვა, რაც წარმატებით გამოიყენება სკანდინავიურ ქვეყნებში. როდესაც დღის გარკვეულ მონაკვეთში ელექტროენერგიის ფასი მცირდება, მომხმარებლები ავტომატურად გადადიან სწორედ ამ პერიოდში ენერგიის ინტენსიურ მოხმარებაზე – იქნება ეს ელექტრომობილების დამუხტვა, სამრეწველო პროცესები თუ სხვა ენერგომოხმარება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ვირტუალური ელექტროსადგურები (Virtual Power Plants) და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგნოზირების სისტემები, რომლებიც ათასობით მცირე გენერაციისა და მომხმარებლის კოორდინირებული მართვით მნიშვნელოვნად ზრდიან სისტემის მოქნილობას.
საბოლოოდ, ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი ყოველთვის ერთი ტექნოლოგია არ არის. თანამედროვე ენერგოსისტემა ეფუძნება ერთმანეთის შემავსებელ გადაწყვეტილებებს – მოქნილ მოთხოვნას, ციფრულ მართვას, რეგიონულ ბაზრებთან ინტეგრაციას, მწვანე წყალბადს, მოქნილ ქსელურ შეთანხმებებსა და ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიებს. ამ ინსტრუმენტების ერთობლიობა ქმნის მომავალის ენერგოსისტემას.
დასკვნა
საქართველოს განახლებადი ენერგეტიკა დღეს ისტორიულ გარდატეხის ეტაპზე იმყოფება. თუ ბოლო წლებში მთავარი ამოცანა იყო ინვესტიციების მოზიდვა და პროექტების ინიცირება, მომდევნო ეტაპზე წარმატებას განსაზღვრავს მათი რეალური განხორციელება, ქსელის რესურსის ეფექტიანი გამოყენება და ენერგოსისტემის მოქნილობა.
ამ თვალსაზრისით, ქსელის წესებში განხორციელებული ბოლო ცვლილებები მხოლოდ ადმინისტრაციული ან ტექნიკური რეგულაცია არ არის. ისინი წარმოადგენს ენერგეტიკული პოლიტიკის ახალ გამოძახილს, რომლის საფუძველშიც დგას მარტივი პრინციპი – ეროვნული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს რეალურ ინვესტიციებს და არა ცრუ მოლოდინებს.
ამავდროულად, უკვე აშკარაა, რომ საქართველოს შემდეგი დიდი ამოცანა აღარ იქნება მხოლოდ ახალი გენერაციის აშენება. თანაბრად მნიშვნელოვანი გახდება უკვე არსებული გენერაციის ეფექტიანი ინტეგრაცია, ელექტროენერგიის სიჭარბის გონივრული მართვა და ისეთი მოქნილი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს განახლებადი ენერგიის მზარდი წილის უსაფრთხოდ, ეკონომიკურად და კონკურენტუნარიანად ათვისებას.
ამ ორი მიმართულების რეალურად განხორციელებადი პროექტების მხარდაჭერისა და სისტემური მოქნილობის განვითარების წარმატებული შერწყმა განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა საქართველო არა მხოლოდ გაზარდოს განახლებადი ენერგიის წარმოება, არამედ ჩამოყალიბდეს სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და კონკურენტუნარიან ენერგეტიკულ ბაზრად.




























