მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განახლებადი ენერგიის პროექტებში ჩადებული ინვესტიცია გლობალურად 10%-ით გაიზარდა

ენერგია

მსოფლიოს მასშტაბით განახლებად ენერგიაში ჩადებული ინვესტიცია იზრდება. 2025 წლის პირველ ნახევარში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებსა და პროექტებში ინვესტიციებმა რეკორდული $386 მილიარდი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მოსალოდნელია, რომ ენერგეტიკის სექტორში ინვესტიცია წელს $3.3 ტრილიონს მიაღწევს და, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხის მესამედი, სავარაუდოდ, წიაღისეული საწვავის სექტორს მოხმარდება, ორჯერ უფრო მეტი, $2.2 ტრილიონი დოლარი, ენერგიის მწვანე რესურებზე დაიხარჯება.

Zero Carbon Analytics-ის ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის ინვესტიციების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, თუმცა 2022-2023 წლების 17%-დან, 2023-2024 წლებში 12%-მდე ხოლო წელს 10%-მდე ჩამოვიდა.

როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსი The Guardian-თან აღნიშნავს, ეს რიცხვები აჩვენებს, რომ სექტორს ჯერ კიდევ აქვს მომენტუმი და ძალა. ჯოან ბენტლი-მაქკიუნის განმარტებით, მიუხედავად ინვესტიციების ზრდის ტემპის შენელბისა, ეს მაჩვენებელი გასული სამი წლის საშუალოს მკვეთრად არ ჩამოუვარდება და დასტურდება, რომ განახლებად ენერგიაში ინვესტიცია იმაზე უფრო მდგრადია, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი.

კვლევის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ქარის ოფშორული და ონშორული პროექტების დაფინანსება 25%-ით, $126 მილიარდამდე გაიზარდა, ოფშორული ენერგიისთვის ყველაზე დიდი ბაზრები კი ჩინეთი და ევროპა იყვნენ. ამასთან, 2025 წლის ივნისიდან დღემდე, სამომავლოდ სულ მცირე $470 მილიარდის ინვესტიციაა დაანონსებული, საიდანაც დაახლოებით ¾ ენერგოსისტემებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელისთვისაა განკუთვნილი.

კიდევ ერთ დამოუკიდებელ ანგარიშში, რომელიც Net Zero Tracker-მა მოამზადა, აღნიშნულია, რომ, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მტრული დამოკიდებულებისა, მსხვილი კომპანიები მზად არიან, თავიანთი კლიმატური გეგმების შესრულებაზე იმუშაონ. კვლევის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა საფონდო ბირჟაზე დალისტული 2 000 ყველაზე მაღალშემოსავლიან კომპანიათა 70% ნულოვანი ემისიების გეგმებს აქტიურად ახორციელებენ. ფედერალური მთავრობის გზას არც ამერიკის შტატები მიყვებიან და 19 მათგანი კვლავ ნულოვანი ემისიების მიზნის ერთგულია.

თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნებმა და კომპანიებმა კიდევ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უფრო მეტი ქვეყანა იღებს ზომებს ეკოლოგიური ვალდებულებების შესასრულებლად, მისწრაფებებსა და რეალურ ნაბიჯებს შორის კვლავ დიდი სივრცე რჩება ასათვისებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები