ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული წესების შესახებ კანონპროექტი შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ინფორმაციაში წერია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირს მეტ შესაძლებლობას მისცემს, წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთ სიტუაციებს, როდესაც უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება ხდება ან ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
კანონპროექტით, უვიზო რეჟიმის შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე გაიზრდება და შესაძლებელი იქნება მისი კიდევ 24 თვით გახანგრძლივება. ამასთან, ამ შეჩერების ფაზაში ევროკომისია დაიწყებს დიალოგს მესამე ქვეყანასთან, რათა გადადგას ნაბიჯები იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია. თუ გამოსავალი არ მოიძებნება სიტუაციის გამოსასწორებლად, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამუდამოდ გააუქმოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება მაშინ შეეძლება, თუ მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას არ შეესაბამება.
ასევე, უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, შეჩერდეს, თუ ქვეყანაში მოქმედებს ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, აგრეთვე, ამ ქვეყნის დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ან პროცედურებში არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები ან ნაკლოვანებები.
ამას გარდა, უვიზო რეჟიმი მესამე ქვეყანასთან ევროკავშირმა, შესაძლოა, შეაჩეროს იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყანასთან მისი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გამო.