მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU სომხეთში, ქვეყნის მედეგობის გაძლიერების მიზნით, ახალ სამოქალაქო მისიას აფუძნებს

eu

დღეს, 21 აპრილს ევროკავშირის საბჭომ საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში სომხეთში ევროკავშირის პარტნიორობის მისია "EUPM სომხეთი" დააფუძნა - ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბლოკი ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, მისია სომხეთს ისეთ მრავალშრიან საფრთხეებთან გამკლავებაში დაეხმარება, როგორებიცაა უცხოური ინფორმაციით მანიპულირება და ჩარევა, კიბერთავდასხმები და უკანონო ფინანსური ნაკადები.

"ეს არის კიდევ ერთი წვლილი სომხეთის დემოკრატიული მედეგობისა და კრიზისების მართვის უნარის გაძლიერების ძალისხმევაში", - ნათქვამია განცხადებაში.

"EUPM სომხეთი" სხვადასხვა სამინისტროსა და ეროვნულ ინსტიტუციას სტრატეგიულ რჩევებსა და შესაძლებლობების განვითარებას შესთავაზებს იმ პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც მიმართულია საზოგადოებისა და ეროვნული ინსტიტუციების წინაშე არსებული საფრთხეების დასაძლევად.

"სომხები მასშტაბური სადეზინფორმაციო კამპანიებისა და კიბერთავდასხმების წინაშე დგანან. მომდევნო წლების განმავლობაში ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისია უზრუნველყოფს საექსპერტო რჩევებს, სამთავრობო დეპარტამენტებისთვის შესაძლებლობების განვითარებასა და სპეციალურ გუნდს, რომელიც მონიტორინგს იმ სფეროებს გაუწევს, სადაც გადაუდებელი მოქმედებაა საჭირო. როდესაც სომხები ივნისში არჩევნებზე მივლენ, მხოლოდ მათ უნდა აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი", - ამბობს კაია კალასი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

ევროკავშირის პარტნიორობის მისიას სომხეთში საწყისი 2-წლიანი მანდატი ექნება, მისი ოპერატიული შტაბ-ბინა კი სომხეთში განთავსდება.

მისიის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ადგილზე ოპერაციების წარმართვაზე, უახლოეს მომავალში დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭომ ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი 2025 წლის 2 დეკემბერს დაამტკიცა.

EUPM-ის განლაგება სომხეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე ხდება.

EUPM არის მეორე სამოქალაქო CSDP მისია სომხეთში და ის გამოყოფილია 2023 წელს დაფუძნებული "სომხეთში ევროკავშირის მისიისგან" (EUMA), რომლის მიზანიც ადგილზე სიტუაციაზე დაკვირვება და ანგარიშგება, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენისა და ადამიანთა უსაფრთხოების ხელშეწყობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები