TBC Capital-ის შეფასებით, სექტემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 4%-მდე ზრდით ევროპის ცენტრალურმა ბანკმა [ECB] სავარაუდოდ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ციკლი დაასრულა და განაკვეთი ბოლოჯერ გაზარდა.
ორგანიზაციის განცხადებითვე, კომიტეტმა განაკვეთის 4%-მდე ზრდას მხარი ინფლაციური რისკების გამო დაუჭირა. მაღალი განაკვეთების ფონზე, მარეგულირებელმა პროგნოზები განაახლა და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ევროზონის ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა.
მეორე მხრივ, ინფლაციის დონის სამიზნე 2%-იან მაჩვენებელთან დაახლოება 2025 წლისთვისაა
მოსალოდნელი. გარდა ამისა, ევროკომისიის სექტემბრის პროგნოზით, ევროკავშირის 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 0.8% იქნება, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე გაზაფხულზე ნავარაუდები 1%. 2024 წლისთვის კი ბანკის პროგნოზით რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი 1.4%-ით გაიზრდება.
"პროგნოზის ცვლილება, ძირითადად, გერმანიის შემაშფოთებელი ეკონომიკური მაჩვენებლებითაა განპირობებული: მოსალოდნელია, რომ ბლოკის ინდუსტრიული ცენტრის ეკონომიკა 2023 წელს 0.4%-ით შემცირდება. მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე გერმანიის უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვან კლებას განიცდის - ბინების ფასები წლიურ ჭრილში 9.9%-ითაა შემცირებული, რაც 2000 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნაა",- წერია TBC Capital-ის მიმოხილვაში.




























