განათლების რეფორმის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელებისა და გამოცდილების გადმოტანა, გაცვლითი პროგრამების გაძლიერება და პროფესიული სასწავლებლების განვითარება, რათა შეივსოს ვიწრო სპეციალიზაციების დეფიციტი - ამის შესახებ BMG-სთან Talent Flow-ს დამფუძნებელი ლიკა ნოზაძე საუბრობს.
მისი თქმით, აბიტურიენტებს უნივერსიტეტებისა და პროფესიების არჩევისას, მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა კი, ახალგაზრდების გადინებას გამოიწვევს.
“ვფიქრობ, ეს რეფორმა არაფერს სახარბიელოს არ მოგვიტანს, არც ქვეყანას, არც ახალ თაობას“ - ამბობს ლიკა ნოზაძე.
მისივე თქმით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, განათლების პროგრამების მასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კარგია, თუმცა ამ კვლევების ჩატარებასაც თავისი წესები აქვს.
„მოკლევადიანი, შაბლონური კვლევა ამ სიტუაციას ვერ გამოასწორებს. გულწრფელად ვფიქრობ, რომ კვლევაზე ლაპარაკი იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მოსახლეობაში გარკვეულად, შფოთვა და პანიკა წამოვიდა რეფორმასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, მაღალია შფოთვა და პანიკა იმ რგოლში, ვინც წელს აბარებს. აბიტურიენტები ძალიან დაბნეულები არიან.
ზოგადად, კვლევა კარგია, მაგრამ სანამ რეფორმა გატარდება და სანამ ამაზე ლაპარაკს დაიწყებ, მანამდე რომ გააკეთო კვლევა, ინტენსიური, არაერთჯერადი, გარკვეული პერიოდულობით და უფრო მეტი მჭიდრო კომუნიკაცია იყოს ბიზნესებთან, დამსაქმებლებთან და ორგანიზაციებთან - ვინც ამ ტალანტებს გამოიყენებს, უკეთესი იქნებოდა.
თუმცა, ახლა თუ აპირებენ ცვლილებების შეტანას და უკვე დაგვიანებულია ეგ კვლევა. იმიტომ, რომ დეკემბერია და წესით, ამ პერიოდისთვის აბიტურიენტებს უკვე ჩამოყალიბებული აქვთ რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე ნაფიქრი აქვთ და ახლა რომ „დაუყირაო“ ამ ადამიანებს მომავალი და მთელი თავიანთი რესურსი, დრო დაახარჯინო სტრესზე და ნერვიულობაზე, ვფიქრობ, რომ არასწორი და არაკომპეტენტურია“, - ამბობს ლიკა ნოზაძე.
პარლამენტმა უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები I მოსმენით მიიღო. ცვლილებების პაკეტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა 3-ის წინააღმდეგ. „ქართული ოცნება“ ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით იღებს.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესებაა. ასევე, ცვლილებებით, მთავრობას ენიჭება უფლება განსაზღვროს როგორც საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე, გამოყოს კვოტა და დაადგინოს სტუდენტების რაოდენობა კონკრეტულ პროგრამებზე. შესაბამის კვლევას ეკონომიკის სამინისტრო ატარებს, რომელმაც უნდა დაადგინოს - როგორი იქნება შემდეგ 4-5 წელიწადში შრომის ბაზრის მოთხოვნები.




























