საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მიერ ჩატარებული სიღრმისეული შეფასების შედეგებს დაეფუძნა.
"შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს 2024-2025 წლებში საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტმა დაადასტურა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015)" - წერს უწყება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა რთული პროცესი. 2019 წელს მოპოვებული ENQA-ს წევრობისა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, 2023-2024 წლებში ცენტრმა ხელახალი სრული შეფასება გაიარა. 2024 წლის ნოემბერში EQAR-ის კომიტეტმა მიიჩნია, რომ ქართული სააგენტო ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობის სტანდარტს და მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამებოდა შეფასების კრიტერიუმების სტანდარტს, რის გამოც NCEQE-ს ევროპულ რეესტრში რეგისტრაცია შეუწყდა. 2025 წლის აპრილში ENQA-ს საბჭომ ცენტრს „სტატუსის ქვეშ მყოფი წევრის“ ორწლიანი სტატუსი მიანიჭა. რეგისტრაციის აღდგენის მიზნით, ცენტრმა ENQA-ს ფოკუსირებული (ნაწილობრივი) შეფასებისთვის მიმართა. ამის საფუძველზე, 2026 წლის 9-11 თებერვალს თბილისში საერთაშორისო ექსპერტთა სამკაციანი ჯგუფი (ივონ ოვერდევესტი, ხორდი ვილია ი ფრეიშა, ნატალია გრენიევსკა) საქართველოს ეწვია.
























