Cornerstone Education-ი განათლების საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრის ხარისხის მაძიებლებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვის საჭირო ყველა სერვისს სთავაზობს.
Cornerstone Education-ი 2016 წელს, 2010-2011 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ და 2011-2014 წლებში ისრაელში საქართველოს ელჩმა არჩილ კეკელიამ დააფუძნა.
ამ დროისთვის კომპანია 200-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა მსოფლიოს სხვადასხვა TOP-უნივერსიტეტში ჩაბარებაში.
Cornerstone Education-ის სერვისებს შორისაა: ისეთი უნივერსიტეტების შერჩევა, რომლებიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება მსურველის ინტერესებს; დახმარება განაცხადის, მათ შორის ესეების, სარეკომენდაციო წერილებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებაში; ინსტრუქცია და მზადება ინტერვიუებისთვის; საგანმანათლებლო და კარიერული სტრატეგიის ჩამოყალიბება და ძლიერი პროფილის შექმნა, ხელშეწყობა ფინანსური დახმარების მოძიებაში როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა წყაროებიდან; მენტორობა აკადემიურ და კლასგარეშე საკითხებზე, ლოგისტიკური, ტექნიკური და სავიზო მხარდაჭერა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ არჩილ კეკელია, რომელმაც 2007 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნესის სკოლასა და კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში, 10 წლის განმავლობაში,ლონდონის ბიზნესის სკოლის მისაღები კომისიის ინტერვიუერი იყო ლონდონში, თბილისში, თელ-ავივსა და ნიუ-იორკში.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, საგანმანათლებლო კონსალტინგის მთავარ პროფესიად ქცევის ერთ-ერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დაეხმაროს ხარისხიანი განათლების მიღებაში.
„როდესაც მე ვსწავლობდი ლონდონის ბიზნესის სკოლაში, მსგავსი სერვისი არ არსებობდა ან შეიძლება იყო, მაგრამ ნაკლებად ცნობილი იყო“, - ამბობს არჩილ კეკელია.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ახალგაზრდებს აშშ-ის უნივერსიტეტებში სურთ სწავლა, თუმცა მოთხოვნადია გერმანიის უნივერსიტეტებიც, რადგან იქ სწავლა უფასოა.
რაც შეეხება Cornerstone Education-ის სერვისის ღირებულებას, არჩილ კეკელიამ კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა და განმარტა ის ფაქტორები, რაც სერვისის ფასს განსაზღვრავს.
„სერვისის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, რა სურს კლიენტს; როცა ახალგაზრდას ჰარვარდში უნდა სწავლა, ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ, გარდა ჰარვარდისა, კიდევ აირჩიოს 3-4 უნივერსიტეტი, ვინაიდან იქ კონკურენცია მაღალია და 100-დან 4 მსურველი ხვდება. ამდენად, თუ Cornerstone Education-ის სერვისის ღირებულებაა X თანხა, ყოველ დამატებით უნივერსიტეტზე, დაახლოებით, 20% ემატება“, - თქვა არჩილ კეკელიამ.
რაც შეეხება Cornerstone Education-ის სამომავლო გეგმებს, როგორც დამფუძნებელი ამბობს, განათლების კონსალტინგი, როგორც სერვისი, გეოგრაფიულ ჩარჩოებს არ საჭიროებს, ამიტომ გაფართოება ისედაც ბუნებრივი მიზანია.
„ჩვენ გვინდა გავიზარდოთ. რა თქმა უნდა, ბიზნესის ინტერესია, ჰქონდეს დიდი ფინანსური შემოსავალი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია, უფრო უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს ხარისხიანი განათლება საზღვარგარეთ და შემდეგ დაბრუნდებიან თუ არა სამშობლოში, ეს მათი არჩევანია; თუ არ დაბრუნდებიან, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას, რადგან საზღვარგარეთიდანაც შეუძლიათ, საქართველოს ეკონომიკაში თავისი წვლილი შეიტანონ“, - აღნიშნა არჩილ კეკელიამ.