საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, იმ სკოლების განახლება, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებდნენ, 3-4 წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მათი მმართველობის პერიოდში, ჯამში 400-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, თუმცა ბოლო წლების ინფრასტრუქტურული პროგრამის მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელებას 8 და 10 წელი არ დასჭირდება.
"იცით, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 2100-მდე სკოლა გვაქვს, საიდანაც სამწუხაროდ დიდი ნაწილი ისტორიულად მოგვდევს, რომ არის დაზიანებული, რეაბილიტირებული. მთლიანად "ქართული ოცნების" ისტორიის დროს 400-ზე მეტი საჯარო სკოლა რეაბილიტირდა და განახლდა, თუმცა ბოლო წლების ინფრასტრუქტურული პროგრამა ძალიან მასშტაბურია, ამიტომ ამას აღარ დასჭირდება 8 და 10 წელი.
ჩვენ გვაქვს გეგმაზომიერი გრაფიკი. 2100 სკოლის ფარგლებში, რომელსაც განახლება ესაჭიროება და საბედნიეროდ არა ყველას, 3-4 წლის განმავლობაში ყველა ამ პრობლემას მოვაგვარებთ. ციფრის დაზუსტება ახლა უბრალოდ არ შემიძლია, ვინაიდან ეს ძალიან სკურპულოზურ დაზუსტებას საჭიროებს", - განაცხადა მინისტრმა.