მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების მინისტრის მოადგილე ვერ ასახელებს ერთ ექსპერტსაც კი, ვინც განათლების რეფორმაზე იმუშავა

ზვიად გაბისონია

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ვერ ასახელებს ერთი ექსპერტის სახელს და გვარსაც კი, ვინც „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების რეფორმაზე იმუშავა.

„რამდენიმე ექსპერტი მაინც მითხარით, სახელებით და გვარებით - ვინ მუშაობდა [განათლების] რეფორმაზე? - ამ კითხვით მინისტრის მოადგილეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა სოფიო ხორგუანმა მიმართა.

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ რეფორმაზე იმუშავეს განათლების სამინისტროს სპეციალურმა სსიპ-ებმა, რომლებიც მხოლოდ კვლევების ჩატარებით არიან დაკავებულნი.

BMG დეპუტატის და მინისტრის მოადგილის კითხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

დეპუტატი სოფო ხორგუანი: „მესმის, რომ კვალიფიციური იურისტები მუშაობდით [რეფორმის] ჩარჩოზე და ვენდობი თქვენ პროფესიონალიზმს, მაგრამ ირუისტები არის ის ბოლო პროფესია, რომელიც ამ საქმეში უნდა ჩაერთოს. მთავარია, აკადემიური წრეების პოზიცია, შინაარსია მთავარი, თორემ სამართლებრივ ჩარჩოში რომ მოაქცევდით [რეფორმას], ვიცი. რამდენიმე ექსპერტი მაინც მითხარით, სახელებით და გვარებით - ვინ ამ რეფორმაზე მუშაობდა“

განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია: იურისტები ყველაზე ბოლო ეტაპზე ჩავერთეთ, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები იყო საჭირო. რაც შეეხება მკვლევრებს, ამ მიმართულებით მინდა დაგიდასტუროთ, რომ აღნიშნული კვლევები მიმდინარეობს რამდენიმე წელია. პირველი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქვს შექმნილი სპეციალური სსიპები, რომლებიც მხოლოდ კვლევებზე მუშაობენ. მეორე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლებია მუშაობს შრომის ბაზართან დაკავშირებულ კვოტირების საკითხებზე. ბოლო პერიოდი, რაზედაც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, გახლავთ კონვერტაცია ანუ შრომითი ბაზრიდან გამომდინარე, პროფესიების საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით კონვერტირების საკითხი, [მოგეხსენებათ, ეს ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა], რაც კვოტირებისთვის იყო მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება ისეთი ტიპის ინსტიტუციური გაერთიანებების გადაწყვეტილებების მიღებას [იგულისხმება სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანება], სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს განათლების სამინისტროს დისკრეციაა; რადგან ის [უნივერსიტეტები] გახლავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებენ არა - მეცნიერები, არამედ იღებს სამინისტრო - როგორც პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო. შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მინისტრმა გააჟღერა. ის ეფუძნებოდა რეფორმიდან გამომდინარე კონკრეტულ პარამეტრებს. მე რამდენჯერმე ვახსენე და ახლაც მინდა დავადასტურო, რომ ასეთი ტიპის მენეჯერული გადაწყვეტილებები მიიღება ძალიან დიდხნიანი მსჯელობის და ბევრი პარამტერის დადარების შემდეგ. შესაბამისად, ამ პარამეტრების დადარების შემდეგ მიიღო სამინისტრომ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები