მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნივერსიტეტებში კვოტების განსასაზღვრად შრომის ბაზრის კვლევის შედეგები მზად მომავალ კვირას იქნება - ზვიად გაბისონია

ზვიად გაბისონია

შრომის ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოიყოფა, მომდევნო კვირას იქნება მზად - ამის შესახებ პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ისაუბრა.

"ვფიქრობთ, მომავალი კვირისთვის კვლევის ბოლო შედეგები მზად გვექნება და შევძლებთ, რომ გაგიზიაროთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე წელია, მუშაობს და ეს კვლევა არ არის ახლა დაწყებული.

ერთადერთი, რაშიც რეფორმიდან გამომდინარე ჩავერთეთ და განათლების სამინისტროს თხოვნა იყო, რომ არ ყოფილიყო მხოლოდ კერძო ბიზნესსექტორის კვლევა, ყოფილიყო საჯარო სექტორის კვლევაც, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია და მეორე, რაც მე ვთხოვე იყო ის, რომ უნდა მოვახდინოთ კონვერტაცია არსებული კვლევის პროფესიებისა, სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით. იცით, რომ შესაძლებელია, ერთი და იგივე სასწავლო პროგრამიდან კვალიფიკაცია იყოს ერთი ან პირიქით, განსხვავებული, აქედან გამომდინარე, ახლა ეს პროცესი მიდის, რომ ჩვენთვის გასაგებ ენაზე იყოს ამ მიმართულებების ნაწილი გადმოკონვერტირებული", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით ფაკულტეტებზე კვოტების განაწილებაზე პირველად ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა იგივე დარჩება, კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება.

"არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე", - ამბობდა მაშინ ირაკლი კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები