მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აჩვენა ეროვნული გამოცდების შედეგებმა?| განათლების მკვლევარ შალვა ტაბატაძის ანალიზი

შალვა ტაბატაძე

განათლების მეცნიერებათა დოქტორი შალვა ტაბატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს აანალიზებს.

განათლების მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს სტუდენტთა გადანაწილების დინამიკაზე საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს შორის, აგრეთვე შინამეურნეობების დანახარჯებსა და სახელმწიფო დაფინანსების ცვლილებებზე.

„შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე“ სახელმწიფო უნივერსიტეტებში შემცირებული ადგილები, როგორც მოსალოდნელი იყო, გადანაწილდა კერძო უნივერსიტეტებში”, - წერს ის facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, განათლების ექსპერტი აღნიშნავს, რომ საჯარო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, 2025 წელთან შედარებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მკვეთრად გაეზარდა თსუს და სამედიცინოს, ხოლო შეუმცირდა ილიას და რეგიონულ უნივერსიტეტებს (ბათუმი-ქუთაისის გარდა).

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე 29 481 აბიტურიენტი ისწავლის. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.

შალვა ტაბატაძის ანალიზს, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა 2026 წლის მისაღები გამოცდების შედეგებმა უმაღლესი განათლების ბაზარსა და რეგიონულ სასწავლებლებზე BMG უცვლელად გთავაზობთ:

"მისაღები გამოცდების შედეგების გამოქვეყნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაფუძნებით რეალური სურათი შემდეგია:

  1. 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, მთლიანობაში საბაკალავრო პროგრამებზე 565 სტუდენტით ნაკლები ჩაირიცხა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა შემცირდა 2017 სტუდენტით; კერძო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა კი გაიზარდა 1452 სტუდენტით;
  2. „შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე“ სახელმწიფო უნივერსიტეტებში შემცირებული ადგილები, როგორც მოსალოდნელი იყო, გადანაწილდა კერძო უნივერსიტეტებში. მაგალითად, სამართლის პროგრამებზე საჯარო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 652 სტუდენტით ნაკლები 2026 წელს 2025 წელთან შედარებით, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 332-ით მეტი სტუდენტი;
  3. საჯარო უნივერსიტეტებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2025 წელთან შედარებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მკვეთრად გაეზარდა თსუს და სამედიცინოს, ხოლო შეუმცირდა ილიას და რეგიონულ უნივერსიტეტებს (ბათუმი-ქუთაისის გარდა);
  4. შინამეურნეობების (ანუ ოჯახების) საერთო დანახარჯი დიდი ალბათობით არ შემცირდება და სავარაუდოდ, გაიზრდება საერთო მოცულობით. უბრალოდ, თუ ადრე ის ნაწილდებოდა 15 000-ზე მეტ სტუდენტზე, ახლა ის გადანაწილდება 11 600-მდე სტუდენტის ოჯახებზე;
  5. სახელმწიფოს დაფინანსებით 2025 წელს, დაახლოებით, 15 500 სტუდენტი სწავლობდა სხვადასხვა მოცულობის დაფინანსებით (საგრანტო დაფინანსება, ე.წ. უფასო ფაკულტეტები და სოციალური პროგრამა), 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით პირველ კურსზე 17 862 სტუდენტი ისწავლის ანუ დაახლოებით 2000 სტუდენტით მეტი;
  6. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა დაახლოებით 15%-ით შემცირდა, უფრო კონკრეტულად ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამებზე 2026 წელს ჩაირიცხა 1 528 სტუდენტი, ხოლო 2025 წელს იყო ჩარიცხული 1 751 ანუ 223-ით მეტი; თუმცა რადგან ჩარიცხულ სტუდენტთა 98% სახელმწიფო უნივერსიტეტებში ირიცხება, სწავლის საფასურის გადახდა არ მოუწევთ ოჯახებს;
  7. 2026 წელს საჯარო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე გამოყოფილი ადგილებიდან შეუვსებელი დარჩა 3 847 ადგილი. 2025 წელს შეუვსებელი იყო 4 483 ადგილი, თუმცა პროცენტული პროპორცია გამოყოფილ და შეუვსებელ ადგილებს შორის თითქმის იდენტურია;
  8. შეუვსებელი ადგილები ძირითადად დარჩა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ასევე რეგიონალურ უნივერსიტეტებში (სოხუმი, ბათუმი, ქუთაისის ორივე უნივერსიტეტი, თელავი, სამცხე-ჯავახეთი, ზუგდიდი), რაც განპირობებულია საბაკალავრო პროგრამების არჩევანის შეზღუდვით რეგიონულ უნივერსიტეტებში და ქართული ენის ერთწლიანი პროგრამების და საბაკალავრო პროგრამების გადანაწილების პრინციპით;
  9. კერძო უნივერსიტეტებში 2026 წელს შეუვსებელი დარჩა 3 540 ადგილი, ხოლო 2025 წელს აუთვისებელი იყო 77 49 ადგილი. საჯარო უნივერსიტეტებში კონკრეტულ მოთხოვნადი მიმართულებების შეზღუდვამ კერძო უნივერსიტეტებს მეტი შესაძლებლობა მისცათ სტუდენტების მოსაზიდად.

დეტალურად ინფორმაცია თანდართულ გრაფიკებშია წარმოდგენილი:




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები