მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო ბანაკების მიმდინარეობაზე ვიდეოების გადაღებისთვის 119 000 ლარს დახარჯავს

ბანაკი

განათლების სამინისტრო ბანაკებში მიმდინარე ღონისძიებების ამსახველი ვიდეორგოლების დამზადებისთვის 119 000 ლარს დახარჯავს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნის ფორმა, რომელიც სწორედ ამ მომსახურებას ითვალისწინებს.

საქმე ეხება ანაკლიის და შაორის ბანაკებს, რომელიც უკვე დაწყებულია და განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს 3820 მონაწილეს უმასპინძლებს. წელს, ბანაკში, თემატურ მიმართულებებად განისაზღვრა ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, როგორიც არის “ნარკოპოლიტიკა: შედეგები და საფრთხეები” და “გლობალიზაცია და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგი”. ამასთანავე, ბანაკებს ეწვევიან ეროვნული ბანკისა (ფინანსური წიგნიერება) და ცესკოს (ელექტრონული არჩევნები) თანამშრომლები. ასევე გათვალისწინებულია ე.წ. Guest speaker-ების სტუმრობის ნაწილი, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები (პოლიტიკოსები, სპორტსმენები,
ხელოვანები, და ა.შ.) შეხვდებიან ახალგაზრდებს და არაფორმალურ გარემოში ისაუბრებენ
მათთვის საინტერესო საკითხებზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბანაკები წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, აუცილებელია აღნიშნული სერვისის შესახებ ფართო აუდიტორიისა და განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ინფორმირება, რისი მიღწევის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ბანაკების მიმდინარეობის ამსახველი ვიდეორგოლების დამზადების მომსახურების შესყიდვა“, - წერია გამარტივებული შესყიდვის განკარგულების პროექტში.

აქვე აღსანიშნავია, რომ განკარგულების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, რადგან ხარჯები ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, აუცილებელია მომსახურების შესყიდვა შემჭიდროვებულ ვადებში, ვინაიდან ბანაკები უკვე გაიხსნა და აუცილებელია ვიდეოების გადაღება მოკლე ვადებში დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები