მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო რუსული სკოლის გახსნის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება - განცხადება

63136361ccf5c
BM.GE
03.09.22 18:23
1469
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოში რუსული სკოლა School Club Georgia-ს გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული სკოლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზებული არაა, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.

"როგორც მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ცნობისთვის, გუშინ "ბათუმელებმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ბათუმში გახსნილ რუსულ სკოლაში რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან. გამოცემის ინფორმაციით, ამ რუსული სკოლის თბილისის ფილიალი წელს ანა პოლიტკოვსკაიას #6-შიც იხსნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა ინდმეწარმედ საქართველოში 2019 წელსაა დარეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები