განათლების სამინისტრომ საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 136 000 ლარია.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, ვიდეო უნდა იყოს ზოგადი განათლების სისტემის საიმიჯო ვიდეორგოლი.
„ვიზუალური მასალა უნდა იყოს მაღალი ესთეტიკური ხარისხის და ემოციურად მიმზიდველი; ტიპაჟები/მსახიობები (არა ცნობადი სახეები) სპეციალურად შერჩეული უნდა იყოს სცენარის შესაბამისად”, - აღნიშნულია ტენდერის დოკუმენტაციაში.
რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ვიდეორგოლში მკაფიოდ უნდა აისახოს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და უზრუნველყოფილი იყოს მათი ვიზუალური აღქმა.
ამასთან, ვიდეო უნდა ასახავდეს თანამედროვე, მოწესრიგებულ და უსაფრთხო სასკოლო გარემოს, სადაც ნათლად ჩანს რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები და მათი გავლენა სასკოლო ცხოვრებაზე.
ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ვიდეოში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს შემდეგ საკითხებზე:
- მოსწავლეების ახალი ფორმები (სამინისტროს მხრიდან მთავარი პერსონაჟებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოფიციალურად დამტკიცებული სასკოლო ფორმა, ხოლო მოსწავლეების მასობრივი კადრებისთვის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ფერის და სტილის (ოფიციალური ფორმის მსგავსი) პიჯაკები, შარვლები, კაბები).
- მობილური ტელეფონის გამოყენების ახალ წესი სასკოლო გარემოში.
ამასთანავე, ვიდეოში აუცილებელია წარმოდგენილი იყოს:
- მოსწავლეების მიერ საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის კადრი, ფონად უნდა ისმოდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (ზგემის) დოკუმენტის ვიზუალური კადრი;
- სასკოლო ინფრასტრუქტურა (სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, გარემო);
- სკოლის ყოველდღიური პროცესის ამსახველი კადრები, სადაც ჩანს: მანდატური, მასწავლებელი და სკოლის დირექტორი.
საიმიჯო ვიდეორგოლში პარალელურად უნდა ისმოდეს ხმა შემდეგი ტექსტით:
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში:
- სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება დროშის აღმართვით და საქართველოს ჰიმნის გაჟღერებით;
- დაწყებით საფეხურზე სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება და მუშავდება საგაკვეთილო პროცესში ტელეფონის გამოყენების წესი;
- მიმდინარეობს სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამის შინაარსის განახლება;
- სასკოლო გარემო ხდება მეტად მრავალფეროვანი და ინკლუზიური;
- აქცენტი კეთდება პედაგოგთა პროფესიულ განვითარებასა და მათ მხარდაჭერაზე;
- მუშავდება სკოლის მართვისა და დაფინანსების ახალი მოდელი;
- გრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.
წინადადებების მიღება 4 აპრილს დაიწყება და 6 აპრილს დასრულდება.




























