საგანმანათლებლო გარემოს ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად გრძელდება, - ამის შესახებ BM.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, პროცესში ჩართული არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და დონორი ორგანიზაციები. მათ შორისაა სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და სხვა დაინტერესებული მხარეები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სააგენტო 64 ახალი სკოლის მშენებლობას და 100-ზე მეტი სკოლის სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
“მიმდინარე ეტაპზე, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება - 64 საჯარო სკოლის მშენებლობა და 100-ზე მეტი საჯარო სკოლის სრული ან/და ნაწილობრივი რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, საგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს”, - აცხადებს განათლების სამინისტრო.
რაც შეეხება მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, თბილისში მომსახურებას უზრუნველყოფენ კონტრაქტორი კომპანიები, ხოლო რეგიონებში – ადგილობრივი თვითმმართველობები, შესაბამისი მემორანდუმებისა და დელეგირების ხელშეკრულებების საფუძველზე. მაგალითად, ქ. თბილისის მასშტაბით მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანიები შპს „თაიმსერვისი" და შპს „ბილდინგ ჯგუფი". ამასთან, საგულისხმოა, რომ რეგიონებში „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტის უზრუნველყოფის“ პროგრამის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში - 2019 წლის 01 იანვრიდან განსახორციელებლად გადაეცათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
BM.GE დაინტერესდა, თუ რა თანხა გადაიხადა სამინისტრომ შპს „თაიმსერვისის" მიერ განხორციელებული მომსახურების სანაცვლოდ.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „თაიმსერვისმა“ 2025 წელს 2,356,598 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების ტენდერი მოიგო.
დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ტენდერი გამოცხადდა 27 თებერვალს, ხოლო წინადადებების მიღების ვადა 31 მარტს დასრულდა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია სულეიმან ჩიხლაძე. კომპანია უზრუნველყოფს თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას.
მოსწავლეების გადაყვანის მომსახურების ღირებულებამ 2025 წლის მეორე კვარტალში 899,032 ლარი შეადგინა, ხოლო მესამე კვარტალში — 1,040,688 ლარი. ასევე, ტრანში განხორციელდა მე-3 კვარტალში 18 ივლისსაც. შედეგად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხის დაახლოებით 96% უკვე გადახდილია.




























