ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ მმართველობის მე-14 წელს მთავრობის მხრიდან კორუფციასთან ბრძოლაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. ასე აფასებს ის "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ გასულ კვირაში ბიზნესთან შეხვედრის დროს კორუფციასთან ბრძოლის საკითხიც განიხილეს. კობახიძემ აღნიშნა, რომ "ყველაფერი გაკეთდება კორუფციის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად".
"[ბიზნესთან შეხვედრაზე] კორუფციასთან ბრძოლის თემა იყო საინტერესო. ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ეს რაღაც ეკონომიკური ნამცხვარი, რომელიც საქართველოში გვაქვს, პატარავდება და შესაბამისად, ფულის რაოდენობა ეკონომიკაში, ჩემი ვარაუდით, მცირდება. მცირდება სახელმწიფოს ფული, დაკრედიტებაც შემცირებულია და ა.შ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს განაცხადი, რომ მმართველობის მე-14 წელს "ქართული ოცნება" იწყებს ბრძოლას კორუფციასთან, ღიმილის მომგვრელი იყო. ეს ჩემთვის მაინც რაღაცნაირად დასტურია იმის, რომ სიტუაცია ეკონომიკაში ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თავად "ქართული ოცნება" აჟღერებს, როდესაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს", - ამბობს ხიშტოვანი.
ამასთან, "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ეკონომისტი აღნიშნავს, რომ "ყველა განცხადება განსაკუთრებით მეტყველებდა იმაზე, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმებულია და "ქართული ოცნება" აუცილებლობას ხედავს ბიზნესს შეხვდეს და ბოლი გამოაშვებინოს, ვინაიდან წნეხი ბიზნესზე ასეთ დროს როგორც წესი, სახელმწიფოს მხრიდან იზრდება".




























