"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მიერ მმართველობის მე-13 წელს კორუფციასთან ბრძოლის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად საკადრო ხარვეზებს ასახელებს.
კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, "ოცნება" კორუფციას ებრძვის, თუ პარტიის ყოფილ წევრებს განმარტებით უპასუხა და ისაუბრა სირთულეებზე, რომელიც ქვეყანაში [მათ შორის ეგზოგენური] არსებობდა.
"ოცნების" პრემიერს არ უპასუხია კითხვისთვის, როცა კორუფციის ფაქტები ხდებოდა და თავად საპარლამენტო მაკონტროლებელი რგოლის ნაწილი იყო, რატომ არ ჰქონდა შესაბამისი რეაგირება.
"რაც შეეხება ვადებს და კითხვას რატომ ახლა და არა აქამდე? მინდა შეგახსენოთ, რომ მე [პრემიერის] პოსტზე დავინიშნე გასული წლის თებერვალში. შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, მათ შორის, იყო საარჩევნო წელი, იყო უამრავი გამოწვევა, მათ შორის გარედან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები. გვქონდა საკადრო მიმართულებითაც ხარვეზები და ეს ყველაფერი დავალაგეთ. შარშანდელი წელი გავიარეთ რთულად, მაგრამ წარმატებით. ამან მოგვცა საშუალება, წელს ბევრი რამ გადაგველაგებინა, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით და ამ საკადრო ცვლილებებმაც მოგვცა საშუალება, რომ გამოგვევლინა არაერთი კორუფციული შემთხვევა.
ასევე, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პრევენციულად ვიმოქმედოთ. ჩვენი მიზანი მარტო ის არ არის, რომ წარსულში ჩადენილი კორუფციული დანაშაულები გამოვავლინოთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ახლა არ დავუშვათ, აწმყოსა და მომავალში არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. ამისათვის მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურები - შსს, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და ა.შ. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში გავაძლიერეთ ეფექტიანობის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არამხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ, პირველ რიგში, სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება. წარსულში რაც იყო, ის უნდა გამოვლინდეს, მომავალში არ უნდა დავუშვათ კორუფციული შემთხვევები, მაქსიმალურად ვიზრუნებთ ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























