მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის მოვალეობაა მთავრობის საქმიანობის კონტროლიც...რას აკეთებდა კობახიძე 9 წელი?! - აბესაძე

ირაკლი აბესაძე

„მთავრობის საქმიანობის კონტროლი ერთ-ერთი ფუნქციაა პარლამენტის, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი კობახიძე იყო... ის, რასაც ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებას შეასაღონ როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ამაზე ინფორმაცია მას უნდა ჰქონოდა“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და სწორედ ამ მიზეზით, ირაკლი აბესაძეს ეჭვი ეპარება, რომ ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კორუფციასთან სისტემური ბრძოლა გადაწყვიტა.

„რა თქმა უნდა, ბრალდებები კორუფციის შესახებ არის რეალისტური. უფრო მეტიც, ჩვენ გვაჩვენებენ სრული მასშტაბის მაქსიმუმ 5%-10%-ს. ამაზე გაცილებით მეტი ხდება და გაცილებით მეტზე აქვთ მათ ინფორმაცია... სწორედ კორუფცია არის მთავარი წყარო მოქალაქეების იმ პრობლემების, რასაც სიღარიბე ჰქვია, მაგრამ მილიარდებს ჭამდნენ მაღალი თანამდებობის ის პირები, რომლებთანაც მოჩვენებითი ბრძოლები გამართა ირაკლი კობახიძემ“, - თქვა ირაკლი აბესაძემ BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ სტუმრობისას.

შიდა კლანური დაპირისპირება, ე.წ. პარტიის შავი სალაროს შევსება და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენა, რადგან ბიუჯეტში ძირითადი გადასახადების 6 თვის გეგმა ვერ შესრულდა ე.წ. სხვა გადასახადების ხარჯზე - ესაა სამი ვერსია ირაკლი აბესაძის აზრით, რატომაც „ქართულმა ოცნებამ“ კორუფციასთან ბრძოლის ფასადური კამპანია დაიწყო.

„რატომ მგონია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის გუნდის მიერ დაწყებული ბრძოლა არის მოჩვენებითი?! - მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის წევრები არ არიან ადამიანები, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში. ირაკლი კობახიძე [საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 21 ივნისამდე] იყო დეპუტატი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს არაფორმალური მმართველი - ყველამ კარგად იცის მისი გავლენები პარლამენტში თანამდებობის დატოვების შემდგომ. მისი გუნდი 2016 წლიდან არის ქართულ პოლიტიკაში და საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის მოვალეობაა, როგორც საკანონმდებლო საქმიანობა, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, რისთვისაც პარლამენტს გააჩნია ერთ-ერთი უძლიერესი მექანიზმი - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც პირდაპირ პარლამენტს დაქვემდებარებული უწყებაა.

ამდენად, რასაც ახლა იძიებენ და ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ და შეაჩეჩონ როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ამაზე ინფორმაცია ირაკლი კობახიძეს უნდა ჰქონოდა. ზუსტად ეს ზრდის მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფასს, რომ დიახ, აუდიტის სამსახური ბევრ ნიშანდობლივ მიგნებებს აქვეყნებდა სამინისტროების, ააიპების, მუნიციპალიტეტების საქმიანობის და სხვადასხვა სამთავრობო პროგრამების აუდიტების შედეგად და ნებისმიერი დაინტერესებული პოლიტიკოსისთვის თუ სახელმწიფოს მმართველისთვის თვალსაჩინო უნდა ყოფილიყო, რომ საქმე გვაქვს სისტემურ და ძალიან ღრმა კორუფციულ პროცესებთან. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ 2016 წლიდან 2025 წლამდე ანუ ცხრა წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძის გუნდს არ ეყო კომპეტენცია, რომ ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ან არ ეყო გამბედაობა და ნება და იყო მონურ მორჩილებაში იმ სისტემის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომ ხმა ამოეღო კორუფციის წინააღმდეგ. მესამე პასუხი არ არსებობს, რომ საპარლამენტო გუნდს ვერ დაედგინა და ვერ განესაზღვრა, რა მასშტაბის კორუფციასთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა ირაკლიბესაძემ და ხაზი გაუსვა ბოლო წლებში NGO სექტორის და მედიის მიერ მომზადებულ არაერთ კრიტიკულ ანგარიშს და გამოძიებას, რაც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი მმართველი პარტიისთვის, წესით, ინტერესის საგანი უნდა გამხდარიყო.

„ამდენად, დღეს თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურია, გასული 9 წლის განმავლობაში, როცა ეს ბრძოლა პირდაპირ ირაკლი კობახიძის კონსტიტუციური მოვალეობა იყო, რას აკეთებდა ის 9 წელი?! გავიმეორებ - ან ის იყო არაკომპეტენტური და ვერ ხედავდა კორუფციას ან იყო მონურ მორჩილებაში და კონიუნქტურას უწყობდა ხელს და თუ ასე იყო, რა გარანტია გვაქვს, რომ ზეგ ისევ არ დახუჭავს თვალს კორუფციაზე, რომელშიც მისი გუნდი ჩაეფლობა“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

რატომ გადაწყვიტა ირაკლი კობახიძემ თუნდაც ფასადური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ? – „წერტილის“ წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ შეიძლება, ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, სრულად მოასუფთაოს ველი და ბიძინა ივანიშვილის კარზე უალტერნატივო კლანად დარჩეს.

„ის კარგად ხედავს ივანიშვილის გუნება-განწყობილების სწრაფ ცვლილებას და ამიტომ ცდილობს, ყველა ძლიერი გუნდი, რომელსაც ივანიშვილთან პირდაპირ კავშირზე ყოფნა შეუძლია, თავიდან მოიშოროს“, - თქვა ირაკლი აბესაძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აბსურდია, თითქოს ოცნება“ ცდილობს, გაარკვიოს სად არის კორუფცია“.

ამ ადამიანებს წაართმევენ იმას, რისი წართმევაც შეუძლიათ, მაგრამ ამით არც ქვეყნის ბიუჯეტს და არც ეკონომიკას არაფერი ეშველება... ის, რაც ახლა ხდება, არის ძველი კორუმპირებულებისგან ველის გაწმენდა, რომ ახალი კორუმპირებულები დასხდნენ მათ ადგილას; ამას საშუალო და დაბალი რგოლი კარგად გრძნობს და კარგად ხედავს და იციან, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ ნებას მოერგონ“ - ასე უპასუხა ირაკლი აბესაძემ წერტილის“ წამყვანის კიდევ ერთ კითხვას, რომელიც კორუფციასთან თუნდაც ფასადური ბრძოლის შესაძლო მოკლევადიან შედეგს შეეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები