მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული რეგიონების ახალი სიცოცხლე - რას მოიცავს კურორტების/ქალაქების განვითარების პროექტი?

643e87c26b8f1
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.23 16:11
1002
1 მილიარდი ლარი 5 წლის განმავლობაში - ასეთია კურორტების განახლების პროგრამის გაწერილი ბიუჯეტი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააანონსა. მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიისა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება.

პროექტის შესახებ დეტალურად ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროგრამა განახლებული რეგიონების პროგრამის შინაარსის არის. უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ახლად შექმნილი კურორტების განვითარების სააგენტო. თუმცა მინისტრმა კურორტების/ქალაქების განახლების ახალ პროგრამას უპრეცენდენტო უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი ახალი შესაძლებლობების მქონე პროექტი ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.

„კურორტების განვითარების სააგენტო, ისევე როგორ ტურიზმის განვითარების სააგენტო ჩართულები არიან, მაგრამ ამავდროულად ისინი ბევრად უფრო მასშტაბურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც არამხოლოდ 11 ლოკაციას, არამედ ბევრად უფრო მეტ მდებარეობას განიხილავენ. ეს ყველაფერი გაზომვადია და აღნიშნულის პირველადი შედეგები ჩვენ განახლებული რეგიონების ფარგლებში ვიხილეთ, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა. ვხედავთ, როგორია ის ბიძგი, რომელიც ამ პროგრამამ გამოიწვია. მაგალითად, ახალი ბულვარის მოწყობა ქობულეთში, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან დიდი შესაძლებლობა მისცა, მათ შორის ეკონომიკურადაც ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო გახდა. სწორედ ასეთი შინაარსის არის აღნიშნული პროგრამა, სწორედ ამდაგვარად გაიზომება, რომ მოსახლეობაც, კერძო სექტორიც მნიშვნელოვანი ჩართულობით მოხდება ეს ყოველივე და სახელმწიფო ამის ინიციატორი იქნება. მინიმუმ ამ პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩვენ ძალიან საინტერსო სურათს მივიღებთ. ამდენად მნიშვნელოვანი, საინტერესო, ახალი შესაძლებლობების მქონე პროექტი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ გვქონია“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრმა ის სამუშაოები დაასახელა, რომელიც პროექტის ფარგლებში 11 მუნიციპალიტეტში შესრულდება.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე პროგრამაა. ყველა ამ განახლებულ არეალში შესაძლებელი იქნება კერძო ბიზნესის ჩართულობა, რადგან რეალურად ვსაუბრობთ აბსოლუტურად მოწესრიგებულ კონკრეტულ არეალზე, სადაც საინჟინრო ქსელები, სანიაღვრე, კომუნიკაციები, განათება, მიწისქვეშა კომუნიკაციები არხებით იქნება დარეგულირებული. ეს გულისხმობს შენობებში არსებული ქსელების მოწესრიგებას, საუბარია ენერგოეფექტურობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ მასალების გამოყენებით მოხდება დათბუნებები, კარ-ფანჯრის შეცვლა, სახურავების გამოცვლა ან რეაბილიტაცია იმდაგვარად, რომ მოსახლეობა ამას კომუნალური გადასახადების მხრივ იგრძნობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მდებარეობების ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნაზე, რომლის ფარგლებში რეალურად კერძო სექტორს ძალიან მაღალი ჩართულობა იქნება. ყველა ასეთი რეაბილიტირებული, განახლებული თუ აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი პოტენციურად კერძო სექტორისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ განვითარებაში. ეს არ არის მხოლოდ პირველადი ეფექტი, განახლებული ეფექტი, იერსახის შეცვლილი ეფექტი, ეს არის ახალი შესაძლებლობები, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, იქ მყოფი ტურისტებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო ხანგრძლივად და საინტერესოდ გაატარებენ თავის დროს, რაც საბოლოო ჯამში იმ მოლოდინებს, რომელიც ტურიზმთან მიმართებით მაღალია, კიდევ უფრო თვისობრივად საინტერესოს გახდის“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები