მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განბაჟება ₾9,000 - რა დაჯდება ყველაზე პოპულარული მოდელების განბაჟება თუკი ისინი 6 წელზე ძველია

ავტომობილები

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება შეცვალა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. არსებული მდგომარეობით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების იმპორტისას მათი განბაჟებისთვის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება, დღეს წარდგენილი ცვლილებით კი ტარიფი 4.5 ლარი გახდება, რაც აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.

"ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით, გარკვეული კორექტირებები გვინდა შემოვიღოთ. შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი კუბზე, შესაბამისად შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზით ჩანაცვლდება", - განაცხადა კობახიძემ.

ეს ნიშნავს რომ ყველაზე პოპულარული 1.5 ლიტრის მოცულობის ავტომობილის განბაჟება, თუკი ის 6 წელზე მეტი ხნის წინ არის წარმოებული 1,200 ლარიდან 6.75 ათას ლარამდე იზრდება. 2-ლიტრიანი მოცულობის ძრავისთვის კი მოსაკრებელი 1,600 ლარიდან 9 ათას ლარამდე იზრდება.

ყველაზე პოპულარული მოდელებისთვის განბაჟების აქციზის საფასური ასე შეიცვლება 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის შემთხვევაში

  • Ford Fusion: ძრავის მოცულობა იწყება 1.6 ლიტრიდან — აქციზი იზრდება 1.28 ათასი ლარიდან 7.2 ათას ლარამდე ($2.6 ათასი).
  • Toyota Camry: ძრავის მოცულობა 2.5 ლიტრი — აქციზი იზრდება 2 ათასი ლარიდან 11.25 ათას ლარამდე ($4.1 ათასი).
  • Volkswagen Jetta: ძრავის მოცულობა იწყება 1.5 ლიტრიდან — აქციზი იზრდება 1.2 ათასი ლარიდან 6.75 ათას ლარამდე ($2.5 ათასამდე).
  • Subaru Forester: ძრავის მოცულობა 2.5 ლიტრი — აქციზი იზრდება 2 ათასი ლარიდან 11.25 ათას ლარამდე ($4.1 ათასი).
  • Ford Fusion Hybrid: ძრავის მოცულობა იწყება 2 ლიტრიდან — აქციზი იზრდება 1.6 ათასი ლარიდან 9 ათას ლარამდე ($3.3 ათასი).

არსებული მდგომარეობით ავტომობილის განბაჟების აქციზის გადასახადი ასე ნაწილდებოდა - ის 6 წელზე უფროსი ავტომობილებისთვის კუბურ მეტრზე 4.5 ლარით იცვლება.

1 სმ​3 ტარიფი - ლარი
ა) 1 წლამდე 1.5
ბ) 1 წლის 1.5
გ) 2 წლის 1.5
დ) 3 წლის 1.4
ე) 4 წლის 1.2
ვ) 5 წლის 1
ზ) 6 წლის 0.8
თ) 7 წლის 0.8
ი) 8 წლის 0.8
კ) 9 წლის 0.9
ლ) 10 წლის 1.1
მ) 11 წლის 1.3
ნ) 12 წლის 1.5
ო) 13 წლის 1.8
პ) 14 წლის 2.1
ჟ) 14 წელზე მეტის 2.4

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები