მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განიხილება ყველაფერი, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სანქციები" - პაველ ჰერჩინსკი

ეუ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მომდევნო კვირაში ბრიუსელში ჩანიშნულ შეხვედრებზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და სანქციებზე იმსჯელებენ.

ამის შესახებ ჰერჩინსკიმ ევროპარლამენტარებსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინიციატივაა, საუბრის ნაცვლად, ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეს.

"მომდევნო კვირას სამი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩანიშნული ბრიუსელში. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებულები საქართველოში არსებული სიტუაციით. ევროკავშირის ინსტიტუციების ახალი ლიდერების ინიციატივაა, რომ შეწყდეს საუბარი და გადავიდეთ ქმედებებზე. სამწუხაროდ, ეს EU-ს წევრი ქვეყნების სრულ ჩართულობას მოითხოვს. ახლა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბრიუსელში ქვეყნებს შორის, რათა შეთანხმდნენ სხვადასხვა საკითხებზე და იმედი მაქვს, რომ 27 წევრი სახელმწიფო კონკრეტულ ზომებს მიიღებენ.

უნდა დაველოდოთ ორშაბათს, განიხილება ყველა შესაძლებლობა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და, უპირველესყოვლისა, სანქციები. სანქციებზე შეთანხმება EU-სთვის ძალიან რთულია, იმიტომ რომ 27 ქვეყნის ერთსულოვნებას მოითხოვს, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, ყველა ქვეყანა შეთანხმდება, რომ დასანქცირდეს ყველა პირი, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა შელახვაზე", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის მიზანი ხელისუფლებისთვის მკაფიო მესიჯის გაგზავნაა, რომ ბლოკისთვის მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა მიუღებელია.

"ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებდით, რომ ჩვენ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს და დავსაჯოთ ისინი. ხალხი ყოველ საღამოს გამოდის ქუჩებში და აფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს. მესმის, რა რთულია ეს მათთვის.

ამიტომ, ჩვენი მიზანი არ არის მათი დასჯა, ჩვენი მიზანია ძლიერი სიგნალის გაგზავნა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ის გზა, რომელიც მათ აირჩიეს ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაში, როდესაც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მიუღებელია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკომისიის თანახმად, 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ "დამატებით ზომებზე" იმსჯელებს. კვირის ბოლოს კი ევროპის საბჭოს მინისტერიალია ჩანიშნული, რომლის ფარგლებშიც ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები