მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განისაზღვრა წესი, რომლის მიხედვითაც შეფასდება სკოლების და ბაღების შენობების ტექნიკური მდგომარეობა

სკოლა

განისაზღვრა დროებითი წესი, რომლის მიხედვითაც შეფასდება სკოლების და ბაღების შენობების ტექნიკური მდგომარეობა. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ადრეულ და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე – სკოლებზე, რომელთა მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტი 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხორციელდება საჯარო დაწესებულების მიერ. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულების, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/დაქვემდებარებული ორგანიზაციის, ასევე შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის მიერ.

რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიას.

დადგენილებით ამოქმედებული წესით განისაზღვრა სკოლების საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის შემდეგი კატეგორიები:

ა) I კატეგორია − შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვარგისია უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის;

ბ) II კატეგორია − შენობა დაზიანებულია, თუმცა საფრთხის შემცველი არ არის და საჭიროებს შესაბამის სარემონტო სამუშაოებს;

გ) III კატეგორია − შენობა (30%-მდე) დაზიანებულია, დაქვეითებულია საექსპლუატაციო მედეგობა და საჭიროებს დროულ გამაგრებას შესაბამისი პროექტის მიხედვით;

დ) IV კატეგორია − შენობა (30%-დან 50%-მდე) დაზიანებულია, ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელია ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლა, საჭიროა, განხორციელდეს ევაკუაცია და დემონტაჟი ან გამაგრება სათანადო პროექტის მიხედვით;

ე) V კატეგორია − შენობა (50%-ზე მეტი) დაზიანებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ დარჩენილი ნაწილების დემონტაჟს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები