განიხილება თუ არა საქართველოში რუსული კოვიდ-ვაქცინის შემოტანა? - ამ შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში უპასუხა.
მისი თქმით, საქართველო რადგან დარეგისტრირებულია COVAX პლატფორმაზე, შესაბამისად, ქვეყანაში შემოდის მხოლოდ ის ვაქცინები, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის სერთიფიცირებული.
„ჩვენთან არ შემოდის სხვა ვაქცინები, თუ არ არის WHO-ს რეკომენდაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თუ COVAX პლატფორმაზე რუსული ვაქცინა დარეგისტრირდა, ანუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მისცა მას რეკომენდაცია, შემდეგ უკვე საქართველოს ექნება არჩევანის შესაძლებლობა - Pfizer-ი აირჩიოს, Astrazeneca თუ რუსული ვაქცინა.
„რუსეთი დიდი მწარმოებელია მაგალითად გრიპის ვაქცინის, მაგრამ ჩვენ მას არ ვყიდულობთ, ვინაიდან მას არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. თუ რუსებმა კოვიდის ისეთი ვაქცინა შექმნეს, რომელსაც WHO დაარეგისტრირებს, შემდეგ ეს განხილვის საგანი გახდება, სადაც გათვალისწინებული იქნება ხარისხობრივი კომპონენტი, პოლიტიკური კომპონენტი და სხვა.
მაგრამ ჩემი დიდი რწმენით ჩვენ ორიენტირებული ვართ დასავლური წარმოების ვაქცინებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.