განმუხურში ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის, მთავრობამ „საქმილსადენმშენი“ 3 თვით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 396-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ენგურზე კონკრეტულ კოორდინატებზე 200 000 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვება შეუძლია, რაც აუცილებლად ნაპირაღდგენითი სამუშაოების უნდა გამოიყენოს. წიაღისეულის ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის კი „საქმილსადენმშენმა“ ბიუჯეტში 40 000 ლარი უნდა გადაიხადოს და მინერალური რესურსების სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტითა და ქონების ეროვნული სააგენტოს წერილით განსაზღვრული პირობები უნდა შეასრულოს, თუმცა დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის რა პირობები.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიისა და განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული განახლების პროექტირება დაიწყო. პროექტი 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე სრულად განახლებული, მრავალფუნქციური და ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი სარეკრეაციო სივრცის შექმნას ითვალისწინებს.
სანაპირო დაიყოფა ფუნქციურ ზონებად და მოეწყობა საბავშვო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები. დაგეგმილია არსებული ნაგებობების რეაბილიტაცია, ღია სცენისა და დეკორატიული ტბის მოწყობა, ასევე ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის განახლება. პროექტი მოიცავს თანამედროვე საინჟინრო ინფრასტრუქტურის - განათების, სარწყავი, წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი მცენარეული სახეობებით და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას. პროექტს ამუშავებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალი“.




























