მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განსაკუთრებულ ყურადღებას ხაშურის განვითარებას მივაქცევთ - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომდევნო წლებში ხაშურის განვითარებას, მათ შორის, აშენდება მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხაშურში პრობლემაა ის, რომ ორი სხვადასხვა პროექტის მიმართ გამოვლინდა ხარვეზი, კერძოდ ეს იყო წყალმომარაგებასთან და სკოლებთან დაკავშირებული სამუშაოები, სადაც იყო ხარისხის პრობლემა და დაგვიანების პრობლემა.

"რა თქმა უნდა, ყველა ასეთ შემთხვევაში გვჭირდება სამართლებრივი რეაგირება, რადგან მოქალაქეები ზარალდებიან ამ ყველაფრით და ამის დაშვება არ შეიძლება. ხაშურს, კონკრეტულად, სჭირდება მეტი ყურადღება, ვიდრე ექცეოდა გასული წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. ეს ქალაქი იყო ყველაზე ნაკლები ყურადღების ქვეშ, რაც არ ვიცი რით აიხსნება. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები იყო კონკრეტულად ამ მუნიციპალიტეტში, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომდევნო წლებში ხაშურის განვითარებას. მათ შორის, პრიორიტეტულად აშენდება მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი ხაშურში, რითაც ხაშურის ახალგაზრდობა და ზოგადად ყველა თაობის ადამიანები ისარგებლებენ", - განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, ხაშურისადმი ყურადღება იმითაც იქნება განპირობებული, რომ "ოცნებას" იქ ძალიან ძლიერი კანდიდატი ჰყავს.

ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სპეციფიკური სურათი გვაქვს ხაშურში, ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც კონკურენტი არის დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა ისიც შევიდა გარიგებაში შესაბამის ოპოზიციურ ძალებთან, სხვანაირად შეუძლებელიც იყო, როდესაც მონაწილეობ არჩევნებში ოპოზიციის ხაზით. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი ხაშურში, საგანგებოდ შევარჩიეთ ხაშურისთვის ისეთი კანდიდატი, რომელიც განსაკუთრებული გამოცდილებით გამოირჩევა. კერძო სექტორში ის ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ესეც არის ხაშურის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების გამოხატულება. კიდევ ერთხელ მინდა დავპირდე ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა ხაშურსა და მის მოსახლეობას მომდევნო წლებში,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები