მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"განსაკუთრებული აქტივობა ავსტრალიიდან ფიქსირდება" - მეღვინეობა „ანაბერიკა“?

ანაბერიკა

კახეთში მდებარე მეღვინეობა „ანაბერიკა“, რომელიც სტუმრებს ღვინის, კულტურისა და გასტრონომიის ერთიან გამოცდილებას სთავაზობს, "კოვიდის" პერიოდში დაარსდა და დღეს უკვე საერთაშორისო ტურისტებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად იქცა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ანა ბერიკაშვილმა, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივში“ აღნიშნა, საქმიანობა პანდემიისას დაიწყო, როცა ტურიზმი ფაქტობრივად შეჩერებული იყო, თუმცა საქართველოში მცხოვრები ექსპატებისთვის ინფორმაციული ღვინის ტურების შეთავაზებამ წარმატება მოიტანა.

მისი თქმით, თავდაპირველად ტურების მიზანი იყო სტუმრებისთვის ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციული წარმოების პროცესის გაცნობა. მათ შორის ქვევრის მეთოდი, კანზე კონტაქტის ტექნიკა და ადგილობრივი ჯიშების თავისებურებები. მოგვიანებით კი ტურებს დაემატა გასტრონომიული კომპონენტი და მასტერკლასები.

„სტუმრები თავად კრეფენ ხილს, ბოსტნეულს, ამზადებენ პურს თონეში, აკეთებენ ჩურჩხელას და ხინკალს. ყველაფერი, რაც სუფრაზეა, ჩვენი მეურნეობიდან მოდის. ეს მათთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია“, - ამბობს ბერიკაშვილი.

„ანაბერიკა“ დღეს რთველის პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარულია. მეწარმის თქმით, მასში მონაწილეობის მიღება არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ ქართველ სტუმრებსაც ხიბლავთ.

ბერიკაშვილის ინფორმაციით, ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტივობა ავსტრალიიდან ფიქსირდება, შემდეგ მოდის ამერიკისა და ევროპის ბაზარი, განსაკუთრებით გერმანია და ბელგია.

მისივე თქმით, მეღვინეობას უცხოელი სტუმრები ხშირად ბლოგებისა და სამოგზაურო სტატიებიდან ეცნობიან - განსაკუთრებით ისეთ პლატფორმებიდან, რომლებიც ქართულ ღვინის კულტურასა და რთველის ტურებს პოპულარიზებას უწევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები