განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ევროკავშირის მხრიდან ვიზების შესაძლო შეჩერებას.
დღეს, 16 დეკემბერს, დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, სადაც უკრაინასა და სირიაში მიმდინარე საკითხებთან ერთად საქართველოზეც იქნება მსჯელობა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას პირველად უხელმძღვანელებს ახალარჩეული უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
„წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი ის, თუ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული. ამასთან დაკავშირებით გარეთ არის გამოსული ინფორმაცია. განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ საბოლოო ჯამში, შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დაველოდოთ.
რაც შეეხება ესტონეთისა და ლიეტუვას გადაწყვეტილებებს, ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ. ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არის სამწუხარო. მიუღებელია ის, რომ ეს ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხების ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთებით“, - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, ლიეტუვამ და ესტონეთმა სავიზო სანქციები დაუწესეს "ოცნების" წევრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს. ლიეტუვას კობახიძე სასანქციო სიაში "ქართული ოცნების" ლიდერად ჰყავს მოხსენებული.