სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში 2023 წელს დაფუძნებული ტურისტული ობიექტი "ფორთოხლები" დამსვენებლებისთვის 2024 წლის ზაფხულის სეზონზე, 1 კვირის წინ ამოქმედდა. "ფორთოხლების" კონცეფციისა და არსებული გამოწვევების შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დირექტორი, ლაშა ულარჯიშვილი საუბრობს.
"ფორთოხლებში" სტუმრებს დახვდებათ სასტუმროს ტიპის 4 კოტეჯი, რომლებიც არქიტექტურულად არის კოტეჯი, თუმცა ინტერიერი სასტუმროს ნომრის აქვს და გათვლილია 2-3 ადამიანზე. ასევე, წელს ავაშენეთ განსხვავებული დიზაინის, ორსაძინებლიანი კოტეჯიც, რომელშიც 4-5 ადამიანის განთავსება შეიძლება.
ამასთან, გვაქვს ღია აუზი, რომელსაც აქვს თავისი ბარი. ტერიტორიაზე არის ფორთოხლის პლანტაცია, ღია ტერასა, სადაც სტუმრებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ, და მცირე ზომის დახურული დარბაზი, რომელიც სასაუზმე სივრცეა, ცუდ ამინდში კი სხვა ტიპის აქტივობებისთვისაც გამოიყენება", - აღნიშნავს ულარჯიშვილი და დასძენს, რომ ღია ტერასა 130-მდე, დახურული სივრცე კი 30-მდე ადამიანზეა გათვლილი.
დირექტორის განმარტებით, "ფორთოხლების" კონცეფციის ძირითადი ნაწილი ეკომეგობრულობაა - ობიექტი 2024 წლიდან ელექტროენერგიის მოხმარების 100%-ს განახლებადი რესურსებიდან იღებს.
"წლევანდელი წლიდან "ფორთოხლები" სრულად არის უზრუნველყოფილი მზის ენერგიით. სტუმრებს ტერიტორიაზე მზის პანელების ფერმა დახვდებათ, რომელიც ტერიტორიას სრულად ამარაგებს განახლებადი ენერგიით.
ასევე, ობიექტის მომარაგებისთვის, სტუმრებისა და პერსონალის გადაადგილებისთვის, ელექტრომობილებს ვიყენებთ, და ეკომეგობრულობას უზრუნველვყოფთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული", - ამბობს ულარჯიშვილი.
"ფორთოხლების" დირექტორი აღნიშნავს, რომ განსხვავებული კონცეფციის ქონა რეგიონში ობიექტს უპირატესობასაც აძლევს, თუმცა ესეც გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
"განსხვავებული კონცეფცია უპირატესობასთან ერთად, გამოწვევაცაა. რეგიონში მსგავსი კონცეფცია მხოლოდ ჩვენს ობიექტს აქვს, რასაც ხალხი შეჩვეული არ არის, ჩვენი რეზორტის ტიპზე მათ ადაპტაცია უწევთ, იმიტომ რომ ახალია მათთვის. ეს უპირატესობას გვაძლევს, რადგან როდესაც ადამიანი პირველად მოდის, ეცნობა ამ სივრცეს, ყოველთვის კმაყოფილი რჩება. თუმცა გამოწვევაა, რადგან ხალხი ჯერ ახლა ეცნობა და რამდენიმე ღონისძიების გატარება გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად გავაგებინოთ სტუმრებს, რა უპირატესობები გვაქვს.
გამოწვევაა, რომ კურორტს, ფაქტობრივად, თავად ვქმნით. მართალია, სამტრედიაც და გურიაც ტურისტულად საკმაოდ განვითარებულია, თუმცა არ არსებობს მიზიდულობის ცენტრები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ასეთი დასასვენებელი ადგილები შევქმნათ, რათა ტურისტს ჩამოსვლის მეტი მოტივაცია ჰქონდეს", - ამბობს ლაშა ულარჯიშვილი.
ჩვენთან საუბარში "ფორთოხლების" დირექტორი აღნიშნავს, რომ ტურისტული ობიექტი, სრული დატვირთვით, სტუმრებს სატესტო რეჟიმში ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში მიიღებს, მომავალი წლებიდან კი 4-ვე სეზონზე ფუნქციონირებისთვის მოემზადება.