მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განსხვავებული აზრი ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს“ - პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას"

64269ee691445
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.23 12:55
376
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, მმართველი პარტია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დაწყებულია პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ პირობებში სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად ერთპარტიული სისტემა ძლიერდება, სადაც განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის უმრავლესობის დეპუტატები მანდატებს ტოვებენ.

„არ შემიძლია ახლა არ გითხრათ სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს?

დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაქუმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას.

ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი ჩიხშია შესული, თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდეს.

„ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო მიზნების მიღწევისთვის გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველი ძალა ანტიევროპული რიტორიკით საუბრობს.

„თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. 2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები