მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვინდა, დისტანციურად მომუშავე მაღალშემოსავლიანი უცხოელების რაოდენობა გავზარდოთ - მახაშვილი C5 ვიზის შემოღებაზე

ლევან მახაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატის ლევან მახაშვილის განცხადებით, მმართველ ძალას საქართველოში დისტანციურად მომუშავე მაღალშემოსავლიანი უცხოელების რაოდენობის გაზრდა სურს. ასე ახსნა უმრავლესობის წარმომადგენელმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას განაცხადა. კანონპროექტის მიხედვით, შემოდის C5 კატეგორიის ვიზა, რაც მახაშვილის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

„წარმოგიდგენთ პაკეტს, რომელიც რამდენიმე კანონში ცვლილებას მოიცავს, კერძოდ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“.

პირველ რიგში, განვიხილოთ კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელშიც ორი ძირითადი ცვლილებაა წარმოდგენილი. პირველი ეხება ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის შემოღებას.

ეს არის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა, რომელიც ხუთი წლის ვადით გაიცემა. ანუ ხუთი წლის განმავლობაში უცხოელს ეძლევა საქართველოში ჯამში მაქსიმუმ 365 დღით დარჩენისა და აქედან მუშაობის შესაძლებლობა. აღნიშნული კატეგორიის ვიზა გაიცემა "უსაფრთხო ქვეყნებიდან" მომავალ პირებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოდიან და აქვთ უფლება, განახორციელონ საქმიანობა, თუმცა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ, იცხოვრონ ჩვენთან ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 365 დღის მანძილზე და აქედან იმუშაონ უცხოელ დამსაქმებელზე. აღნიშნული ვიზა, ასევე შეიძლება გაიცეს ამ პირის მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილებზე.

ამ კონკრეტული ცვლილების აზრი და მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებისა და გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე, მიგრაციული ნაკადები სრულიად შეცვლილია. განსაკუთრებით ახლა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ეს ნაკადები არეულია და ახალი მიგრაციული ნაკადებია დაწყებული. საქართველოს კი აქვს შესაძლებლობა, რომ ამ დროს ახალი მიმზიდველი სავიზო რეჟიმით მოახერხოს და მოიზიდოს დამატებითი ნაკადები. ეს ადამიანები ჩვენთან იცხოვრებენ, დახარჯავენ ფულს, წაახალისებენ ტურიზმსა და მომსახურების სფეროს, ჩვენ კი ამ პროცესს დამატებით ბიძგს მივცემთ.

ეს პროცესი, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ახალი არ არის, თუმცა გვინდა, რომ იგი მეტად წავახალისოთ და ამით დისტანციურად მომუშავე მაღალშემოსავლიანი პროფესიონალების რაოდენობა გავზარდოთ. ამ კუთხით, როგორც სახელმწიფო, საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ, რადგან გვაქვს მოქნილი რეგულაციები, დაბალი გადასახადები და მცირე ბიუროკრატიული წნეხი. შესაბამისად, არსებობს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა სწორედ ჩვენთან შემოსვლა გადაწყვიტონ, თუნდაც ოჯახთან ერთად, აქედან განახორციელონ საქმიანობა და ამით ხელი შეუწყონ ჩვენი ეკონომიკის წახალისებას. ამ მხრივ შესაძლოა, ერთგვარ ჰაბადაც ჩამოვყალიბდეთ.

ამრიგად C5 კატეგორიის ვიზა არის მიზნობრივი და თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტი მსგავსი პროცესების სტიმულირებისთვის, რათა შევძლოთ საქართველოში დაბალი რისკის მქონე, მაგრამ მაღალშემოსავლიანი პირების მოზიდვა.

ვიზიტორებს შეეძლებათ, ნაცვლად მოკლევადიანი ვიზების აღებისა და განმეორებითი განაცხადების წარდგენისა, ერთჯერადი განაცხადითა და სავიზო მოსაკრებლის გადახდით მრავალჯერადად შემოვიდნენ ქვეყანაში და აქედან იმუშაონ. მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორები, როგორც წესი, ბუნებრივია, მეტს ხარჯავენ, რაც ზრდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს და აძლიერებს მომსახურების სფეროს", - ამბობს მახაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები