მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან" - "კავკასიის უნივერსიტეტი" განცხადებას ავრცელებს

CU

"კავკასიის უნივერსიტეტის" მმართველთა საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით „კავკასიის უნივერსიტეტის“ საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე.

ვაცხადებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო რჩება 7 მაისს უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგული, რომლითაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად კიდევ ერთხელ გამოვხატეთ. გვესმის იმ პროცესების ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და ადმინისტრაცია, ამიტომ სასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან თითოეული მათგანისთვის აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა - დაცული იქნება, როგორც მათი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები, ასევე, აკადემიური დაწესებულებების ავტონომიურობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 38 უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნავენ, რომ მათთვის აკადემიური პერსონალის ნაწილის გაფიცვა მიუღებელია. ხელმომწერებს შორის "კავკასიის უნივერსიტეტიც" ხვდება.

კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის დეკანი, ნინო ჟიჟილაშვილი საკუთარ Facebook გვერდით იტყობინება, რომ უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ უკან გამოიწვია უნივერსიტეტის ხელმოწერა რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე.

მანამდე, 7 მაისს, "კავკასიის უნივერსიტეტმა" გაავრცელა განცხადება, რომლითაც ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ სტუდენტთა პროტესტს.

"კავკასიის უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს", - წერდა მაშინ "კავკასიის უნივერსიტეტი".

დღესვე ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილმა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები