მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"განვიხილავთ როგორც ფინანსურ, ასევე სხვა საკითხებს" - როგორ აპირებს მთავრობა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას?

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკონოიკური ზრდა არ არის ფაქტორი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და არც მხოლოდ ფინანსური ჩარევებია საკმარისი. მან ამის შესახებ პარლამენტში განაცხადა, სადაც ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.

კობახიძეს დემოგრაფიაზე კითხვა რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის ნინო წილოსანმა დაუსვა: "აპირებთ თუ არა, უფრო სიღრმისეულად იმუშაოთ ამ საკითხზე? მათ შორის, კვლევა, თუ რა იქნება წამახალისებელი ქართველი წყვილებისა და ოჯახებისთვის, რომ შვილების გაჩენაზე იფიქრონ. ვიცით, ერთი, რამაც ზუსტად ძალიან კარგად იმუშავა, ეს არის პატრიარქის წახალისება და მისი მოწოდება და , რა თქმა უნდა, ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამის გარდა, შეგვიძლია თუ არა რაიმე დამატებით შევთავაზოთ იმისთვის, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს?", - მიმართა წილოსანმა კობახიძეს.

საპასუხოდ კობახიძემ თქვა, რომ მზადაა საკითხზე დემოგრაფიის კომისიის ფორმატში მსჯელობისთვის და როგორც ფინანსური, ასევე ნებისმიერი სხვა შესაძლო ინიციატივის განხილვისთვის.

"დემოგრაფია არის რა თქმა უნდა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა სამწუხაროდ, დემოგრაფიული თვალსაზრისით გვაქვს განსხვავებული ვითარება, რაშიც თავისი ლოგიკაც არის. რეალურად, ეკონომიკური ზრდა და დემოგრაფიული პროგრესი ერთმანეთთან არ არის ხოლმე თანხვედრაში. პირიქით, არსებობს საპირისპირო სტატისტიკაც. რაც უფრო მეტია სიღარიბე მსოფლიოს ამ თუ იმ კუთხეში, მით უფრო მაღალია ხოლმე დემოგრაფიული მაჩვენებლები. მაგალითად, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ღაზას სექტორი შობადობის თვალსაზრისით, 1 ქალზე მოდის 8.3 ბავშვი.

კომპლექსური საკითხია, შემოგთავაზებთ შევიკრიბოთ დემოგრაფიის კომისიის ფორმატში და ვიმსჯელოთ, განვიხილოთ როგორც ფინანსური საკითხები, ასევე სხვა მათ შორის იდეოლოგიური საკითხები. ბევრი რამ უკავშირდება ბუნებრივია დემოგრაფიულ განვითარებას. იყო ნახსენები პატრიარქის ინიციატივა, რამაც წლების მანძილზე საკმაოდ დიდი პროგრესი მოგვიტანა დემოგრაფიის კუთხით. ესეც არის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად კომპლექსური უნდა იყოს მიდგომა.

ნახსენები იყო იპოთეკური მხარდაჭერის პროგრამა, რითაც საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა. წელიწადში 1 800 ოჯახი სარგებლობდა საშუალოდ ამ პროგრამით. მთლიანობაში 7 500-ზე მეტმა ისარგებლა. სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 100 მლნ ლარი. რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივებიც მნიშვნელოვანია", - ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები