საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დემოგრაფიის კუთხით არსებულ პრობლემურ ტენდენციებს უფრო მეტად მსოფლმხედველობითი საფუძვლები აქვს, ვიდრე ფინანსურ-ეკონომიკური. ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის კითხვას იმის შესახებ - მზად არის თუ არა ის „ქართული გენოფონდის" გადარჩენისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ქეთევან ბაკარაძემ მიგრაციის საკითხებზე პრემიერის ინტერპელაციის წესით გამოსვლისას „გახარია საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული „დემოგრაფიული კატასტროფის შემცირების სოციალური პაკეტი“ წარადგინა.
ირაკლი კობახიძემ კი უპასუხა, რომ დემოგრაფიული პრობლემები საქართველოს მსგავსად მთელ მსოფლიოში აქტუალურია და ამ კუთხით ხელშესახები შედეგების მისაღწევად, ყველაფერი კომპლექსურად გასააზრებელია, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემური ტენდენციები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული შობადობისა და ქორწინება-განქორწინების მიმართულებით, რადიკალურად შეიცვალოს.
„რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, გაზრდილია, თუ შემცირებულია მოსახლეობა და არის თუ არა შეცვლილი უარყოფითისკენ ეს ტენდენციები. ჩვენ შეგვიძლია, შევადაროთ 2012 წლის შემდეგ არსებული დინამიკა მანამდე არსებულ დინამიკას. 2003 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 3 მლნ 966 ათასი და შემცირდა 3 მლნ 739 ათასამდე. დაახლოებით, 226 ათასით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში. მოგეხსენებათ, საქსტატმა ჩაატარა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 მლნ 914 ათასს, აქ ბოლომდე რომ ვთქვათ სიმართლე, მნიშვნელოვან წილად მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია იმიგრაციასთან, როგორც უკვე ვთქვით, დღევანდელი მაჩვენებელი არის 257 ათასამდე და მანამდე ეს მაჩვენებელი იყო ნაკლები, 150 000-მდე. თუმცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც, არის დადებითისკენ შეცვლილი ტენდენცია. ვერ ვიტყვი, რომ დადებითია ტენდენცია, მაგრამ დადებითი მიმართულებით არის შეცვლილი. თუმცა ჩვენ ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ, მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემური ტენდენციები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული შობადობის მიმართულებით, ქორწინება-განქორწინების მიმართულებით, რადიკალურად შევცვალოთ. რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ფინანსური პრივილეგიების დაწესების საკითხი და ასეთი ზომები მიღებულ იქნა გასული წლების განმავლობაში. არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც საკმაოდ დიდ ინვესტიციებს დებენ ოჯახის საკითხებში, ზოგადად, მათ შორის, შობადობის საკითხებში. უნგრეთი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც, მთლიანობაში, საკუთარი ეკონომიკის 5 %-დან 6 %-მდე დებს ყოველწლიურად ოჯახის საკითხებში, თუმცა უნგრეთმაც კი ვერ შეძლო ნულოვან ნიშნულამდე ასვლა, ანუ იქაც საერთო დემოგრაფიული მაჩვენებლები არის კვლავაც მინუსში. უფრო მეტად მსოფლმხედველობითი საფუძველი აქვს იმ ტენდენციებს, რომლებიც არის ჩამოყალიბებული, ვიდრე ფინანსური და ეკონომიკური. ამიტომ კარგად, კომპლექსურად არის ყველაფერი გასააზრებელი იმისათვის, რომ ჩვენ გავატაროთ ისეთი ზომები, რომლებიც რეალურად მოგვცემს ხელშესახებ შედეგებს დემოგრაფიის ნაწილში“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2014 წლიდან მესამე და მეოთხე შვილის შობადობის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, თუმცა მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ ტენდენციას არა სოციალური, არამედ „მსოფლმხედველობრივი“ საფუძველი აქვს.
„ასევე, საინტერესო დეტალი – მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებელი და სტაბილურად არის მაღალ დონეზე შენარჩუნებული. მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს. გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, დადებითი გაგებით. საჭიროა, შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული. ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე. მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, არის პრობლემები. ჩრდილოეთ ამერიკაშიც, და კონკრეტულად, აშშ-შიც ძირითადად იმიგრაციის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი დონე. სადაც აქტიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური, სინამდვილეში, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის ძალიან მძიმე პროცესები დაწყებული. თქვენ გახსოვთ ე.წ. გენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა და ა. შ. ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ამ კანონთან დაკავშირებითაც, ხედავთ, რამხელა კრიტიკა წამოვიდა, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე, მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება, იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა მან.




























