მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განვითარებადი ქვეყანა ვართ და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა გვჭირდება“ - მიხეილ ნიბლაძე

644d8bda3907e
ნანუკა ნარიმანიძე
30.04.23 09:17
515
„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის“ ამ სახელით - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და "თიბისის" მხარდაჭერით გასულ კვირაში კონფერენცია შედგა. აღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.

“კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის” დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ BMGT-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„განვითარებადი ქვეყანა ვართ და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა გვჭირდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მოხდეს იმ კომპანიების შერჩევა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც აუქციონებში მიიღებენ მონაწილეობას და შეძლებენ იმ დაპირებების და პროექტების წინ წაწევას,რომლების ჯერ-ჯერობით შეჩერებულია.

10 წლის წინ იყო საუბარი, რომ 2023 წლისთვის 500 მგვტ-ის მაგივრად 3000 მგვტ უნდა განვითარებულიყო, რაც ვერ მოხერხდა, ჩემი გადმოსახედიდან ამის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კომპეტენციის ნაკლებობაა. ამ დარგმა შეიძლება ბევრი შემთხვევითი ინვესტორი მოიზიდოს, რომელიც ხშირ შემთხვევაში პრობლემებით მთავრდება. საჭიროა არა მხოლოდ ფულადი რესურსების უზრუნველყოფა, არამედ საჭირო ტექნიკური ცოდნის გაზიარებაც“, - განმარტა მიხეილ ნიბლაძემ.

მისივე თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიოში არსებული პრაქტიკა საქართველოშიც უნდა დაინერგოს.

„მსოფლიოში არსებობს ისეთი პრაქტიკა, სადაც ხდება კომპანიების, არა მხოლოდ ფინანსური წინადადებიდან გამომდინარე, არამედ ტექნიკური შეფასებიდან გამომდინარე შერჩევა, უნდა განიხილებოდეს კომპანიის მთელი პორტფოლიო, რომელიც ამ დარგში მის კომპეტენციას წარმოადგენს, რადგან ეს დარგი სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს და დამოკიდებული არის ძალიან ბევრ ტექნიკურ პარამეტრზე“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები