საქართველოში ტანისამოსის წარმოება დიზაინერებისთვის არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული. გამოწვევებზე BM.GE-სთან დიზაინერი და სამკერვალო Uniformals-ის დამფუძნებელი, ცაგო ყანჩაველი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული ბრენდების განვითარებას ხელი განსაკუთრებულად კოვიდპანდემიამ შეუშალა.
"განვითარების ეტაპზე მყოფ საქართველოს მოდის პატარა ინდუსტრიას უამრავი გამოწვევა აქვს. წლების განმავლობაში განვითარების გარკვეულ ეტაპამდე მისულ ბევრ ბრენდს პანდემიის შემდეგ პრობლემა შეექმნა, რაც ფინანსურმა კრიზისმა და ტურისტების შემცირებულმა რაოდენობამ გამოიწვია.
დღესაც უამრავი გამოწვევაა, სამომხმარებლო ბაზარი მცირეა, საშუალო ხელფასი - დაბალი, ადამიანებს არ აქვთ ფუფუნებაში დასახარჯი ფული. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართველი დიზაინერები განსაკუთრებული ხედვით გამოირჩევიან და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, წარმატებით ახერხებენ მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებას:, - აღნიშნავს ცაგო ყანჩაველი.
სამკერვალო Uniformals ქართული კომპანიებისთვის ქმნის უნიფორმებს. ამასთან, კომპანია ცაგო ყანჩაველისა და მანონი ტყეშელაშვილის დიზაინით შექმნილი ბრენდების - Kanchaveli, Kancha Kids, Sansa's Pets, Qudbediani და Georgian Spirit - პროდუქციასაც ქმნის.
როგორც დიზაინერი აღნიშნავს, სამკერვალოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ბაზარზე ნედლეულის მწირი არჩევანია, რის გამოც ქართული ბრენდების წარმოება ქსოვილების იმპორტზეა დამოკიდებული.
"ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყანაში მასალების მწირი არჩევანია, ამიტომ ხშირად გვიწევს მასალების, ტექსტილისა და აქსესუარების იმპორტირება თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ასევე მწვავე პრობლემაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, გუნდის დაკომპლექტებაზე ბევრი ვიმუშავეთ. დღეს, ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა სწორედ მაღალკვალიფიციური კადრებია - გუნდი შედგება ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან, რაც სამუშაო პროცესს აადვილებს და სასიამოვნოს ხდის", - აცხადებს ცაგო ყანჩაველი.
დიზაინერი ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე წელია ბრენდ Kanchaveli-ს სახელით პოზიციონირებს. როგორც ცაგო ყანჩაველი აღნიშნავს, სწორედ ამ ბრენდის განვითარება და უცხოურ ბაზარზე გატანაა Uniformals-ისთვის პრიორიტეტული.
"ბრენდი "ყანჩაველი" დიდი ხანია არსებობს ქართულ ბაზარზე და წლებია, ქალის ნიშურ აქსესუარებსა და ტანსაცმლის ხაზზე მუშაობს. ბრენდს რამდენიმე ცნობილ, უცხოურ შოურუმშიც აქვს მონაწილეობა მიღებული და ევროპის პრემიუმ ხარისხის კონცეპტუალურ მაღაზიებშიც იყიდება.
ამ ბრენდის მიმართ დიდია დაინტერესება უცხოელი მომხმარებლისგან. ამ კუთხით დიდი გეგმები გვაქვს, რომ კიდევ უფრო უკეთ გავაცნოთ "ყანჩაველის" უნიკალური კონცეფცია მომხმარებელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - ამბობს ცაგო ყანჩაველი.
აღსანიშნავია, რომ ყანჩაველის დიზაინით შექმნილი სამოსი ახლად გახსნილ კონცეპტუალურ მაღაზია Georgian Collective Shop-ში, ბარნოვის N41-ში იყიდება. მაღაზიაში სამკერვალო Uniformals-ს თავის პორტფოლიოში შემავალი ქართული ბრენდები და სტარტაპები აქვს წარმოდგენილი, რომელთა პროდუქციაც ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებაზეა მორგებული. შოურუმში წარმოდგენილი კოლექციის ფასები ₾70-დან ₾400-მდე მერყეობს, მაღაზიის გახსნისთვის საჭირო ინვესტიციამ კი ₾180 000 შეადგინა.