მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვითარებისთვის გვჭირდება ასწრაფება. სტაგნაციას წერტილი უნდა დაესვას - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ქვეყანაში ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის ტემპით კმაყოფილი არაა.

„განვითარებისთვის გვჭირდება ასწრაფება. სტაგნაციას წერტილი უნდა დაესვას“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას.

მისივე შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების ინტერესი არსებობს, პროცესი იწყება, მაგრამ სერიოზული გამოწვევაა ბიუროკრატია. „საბოლოო წერტილამდე მისვლა ძალიან რთულია“, - ამბობს მაია მელიქიძე.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელ დირექტორთან ინტერვიუდან გავიგეთ, სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების მიმართულებით, რომელიც წლებია დაპაუზებულია, პროგრესი არ არის. საუბარია ნამახვანჰესის, ნენსკრაჰესის და ხუდონჰესის პროექტებზე.

- დიდი სურვილი გვაქვს, რომ არსებობდეს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით მიდის პროცესები...

- ვის შეუძლია პროცესების დაჩქარება?

- რა თქმა უნდა, სახელმწიფო ორგანოებს...

- არაა სურვილი თუ ნაკლებად პოპულარული ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებებს ერიდება მთავრობა. ვგულისხმობ მოსახლეობის დამოკიდებულებას ჰესების აშენებასთან მიმართებით...

- მოგეხსენებათ, ნამახვნჰესთან დაკავშირებით ცუდი პრეცედენტი იყო (ინვესტორი კომპანია ENKA საერთაშორისო არბიტრაჟში წავიდა) და საერთაშორისო ინვესტორებმა ეს თემა დახურეს. მესმის, რომ საერთაშორისო ინვესტორები სკეპტიკურად გვიყურებენ, რადგან არ გვაქვს წარმატების ფორმულა; რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? - ჩვენ თვითონ უნდა ავაშენოთ ობიექტები. მესმის, ეს ცოტა ისეთი განაცხადია და არის კითხვა - საიდან უნდა მოვიტანოთ საჭირო თანხები; ფინანსური რესურსის წყარო შეიძლება იყოს ბიუჯეტი, თუმცა შემდეგ უნდა გავყიდოთ გენერაციის ობიექტი, რადგან ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, როცა შემოსავალი ექნება გენერაციის ობიექტს, რა თქმა უნდა, ინტერესი გაჩნდება...

- ფართო დისკუსია შეიძლება ამ საკითხზე, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ფინანსურ რესურსზე მეტად პრობლემაა მოსახლეობასთან სწორი და თანმიმდევრული კომუნიკაცია ამ საკითხზე, რისი სითამამე მოქმედ მთავრობას არ ჰქონია?

- პირველი, ვისაც ჩამოვართმევ ხელს, იქნება ის ადამიანი, ვინც სრულ პასუხისმგებლობას აიღებს და GREDA-ს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც ქონების გადასახადის იმ თემში დატოვებას ითვალისწინებს, სადაც გენერაციის ობიექტი აშენდება, ბოლომდე მიიყვანს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი. რამდენადაც გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, მოქალაქეებმა რაც გაიგეს, რომ GREDA-ს ამ შინაარსის კანონპროექტი აქვს, მათ თქვეს, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ შევქმნით სირთულეებსო ანუ დავანახვეთ სიკეთეები, რომლის ბენეფიციარები ისინი იქნებიან. საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმას, რომ ერთი სოფელი მეორესთან შევა კონკურენციაში, რადგან შევთანხმდეთ, განვითარების სურვილი ყველა სოფელს აქვს. არავის უნდა სტაგნაციაში ყოფნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები