ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ტექნიკური დირექტორის სანდრო სულაქველიძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის თავისუფლება და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა სჭირდება.
„ასევე, ევროინტეგრაცია, ნატო, რომელიც უსაფრთხოების გარანტია და მდგრადი ეკონომიკური განვითარება“, - ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
„რეალურად, არა მხოლოდ ეს მთავრობა, არამედ წლების განმავლობაში ისეა, რომ თითქოს ხელისუფლებები ჩვენი უფროსები არიან. რეალურად, ასე ხომ არ უნდა იყოს და არ არის?! წინა მთავრობა არჩევნების შედეგად წავიდა - ასე გადაწყვიტა ხალხმა. თითქოს ეს მომენტი, რომ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ხელიდან გავუშვით, რათა დაგვეჯერებინა, რომ სინამდვილეში, ისინი ჩვენ მიერ დაქირავებული მსახურები არიან, რომლებმაც ჩვენს კეთილდღეობაზე უნდა იზრუნონ და რატომღაც პირიქით, ზემოდან გვესაუბრებიან. მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, ვინ არის დამქირავებელი და ვინ არის უფროსი“, - ამბობს სანდრო სულაქველიძე.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა.
„პოლიტიკოსებს აღარ უნდა ეგონოთ, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელსაც სულ მოატყუებ. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს რომ გადახედო, დღეს ერთს ამბობენ, გუშინ სხვას ამბობდნენ და არ რცხვენიათ. უსინდისობას წერტილი უნდა დაესვას“, - დასძინა სანდრო სულაქველიძემ.