„საქართველოს განვითარებისთვის, პირველ რიგში, კონსენსუსი გვჭირდება“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას ჩინეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით აფციაურმა.
დიპლომატის შეფასებით, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო მუდმივად კრიზისული მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ გვქონდა საშუალება, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთებში მაინც ქვეყანა სტაბილურად განვითარებულიყო.
„განვითარებისთვის, პირველ რიგში, გვჭირდება შიდა კონსენსუსი. დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყნის განვითარების შიდა და გარე რისკებს თუ შევხედავთ, შიდა უფრო პრიორიტეტულია, თუმცა ხანდახან გარედან იქმნება ის შიდა რისკი, მაგრამ მაინც ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებულია; ჩვენ უნდა ვისწავლოთ რისკების პრევენცია და შესაძლო საფრთხეების მინიმიზებისთვის მისი ანალიზი და გათვალისწინება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ იცის, მაგრამ მოქმედება არაა სათანადო“, - თქვა მან.
რას უნდა დაესვას წერტილი? – „მე არ მომწონს ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ ისეთი საკითხების განხილვაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენ მდგრადობას და განვითარების შესაძლებლობას არ გვაძლევს, ვინაიდან ბევრი დრო იკარგება.
დღეს მსოფლიოში ისეთი ცვალებადი ვითარებაა, რომ როცა ჩვენ ვცდილობთ ძველი პრობლემების მოგვარებას, უკვე ახალი ჩნდება, ამიტომ რისკების ოპტიმალურ დროში გამკლავება უნდა ვისწავლოთ და მსოფლიოს არ ჩამოვრჩეთ. ცნობადობის გაზრდა კარგია, მაგრამ მეტი გაკვეთილი უნდა ავიღოთ საერთაშორისო მეგობრებიდან“, - აღნიშნა დავით აფციაურმა.