მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვიხილავთ ცენტრალურ აზიაში ინვესტირების პერსპექტივას - ინტერვიუ APM Terminals Poti-ს კომერციულ დირექტორთან

63ee179f10a45
გიორგი თოლორდავა
16.02.23 22:35
801
რამდენად მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პროექტი საქართველოსთვის, როგორია ტვირთბრუნვის მოცულობები ფოთის პორტში და როგორია შესაძლებლობები, რა გეგმები აქვს APM Terminals, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Bm.ge APM Terminals Poti-ს კომერციულ დირექტორს, იენ როლინსონს ესაუბრა:

- რამდენად მნიშვნელოვანია შუა დერეფანი საქართველოსთვის, თქვენი კომპანიისთვის და ზოგადად მთელი რეგიონისთვის?


- „შუა დერეფანი“ საქართველოსთვის გასაოცარ შესაძლებლობას წარმოადგენს და ჩვენი კომპანია, APM Terminal-ი მოწადინებულია, რომ ინდუსტრიის ყველა მოთამაშე და ჩართული მხარე ამაში დაარწმუნოს. ეს იმ უცნაურ შემთხვევათაგანია, როდესაც კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ჯაჭვში ჩართული ყოველი რგოლის კოოპერაციას და კომუნიკაციას.

მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის ყველა მონაწილე, იქნება ეს მთავრობები, კომერციული კომპანიები, პორტების, სარკინიგზო ხაზების ოპერატორები თუ გადამზიდავები, მუშაობდნენ ერთად, რათა შევქმნათ ეფექტიანი სატრანსპორტო ხაზი. თუკი შუა დერეფანი შეუფერხებლად და მარტივად იმუშავებს, მაშინ მას ექნება იმის რეალური პოტენციალი, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიან ალტერნატივად ჩამოყალიბდეს და რელევანტურობა მომავალშიც შეინარჩუნოს.

- ამ საკმაოდ კომპლექსურ ჯაჭვში სად არის სუსტი ან პრობლემატური წერტილები?

- მთავარი გამოწვევა კომუნიკაცია და სატრანსპორტო მეთოდების შეცვლაა. სარკინიგზო გზების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების რეალური საჭიროებაა. სწრაფ მატარებლებს უნდა შეეძლოთ გადაადგილება არა მარტო საქართველოში, შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანაში. დღეისათვის ფოთი სრულად არ არის დატვირთული, თუმცა გაფართოების გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე „ჩრდილოეთის კორიდორის“ გავლით ტვირთბრუნვა 1 მილიონ კონტეინერს აჭარბებდა, შედარებისთვის, დღეისათვის „შუა დერეფნის“ გავლით ტვირთბრუნვა 550,000 კონტეინერის ფარგლებშია. გაფართოების გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენი ტვირთბრუნვა 1.2 მილიონ კონტეინერამდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი მოცულობის ტვირთის გატარებას შევძლებთ.

მესამე საკვანძო საკითხი კასპიური ტრანზიტია, რომლის ტვირთბრუნვაც ბოლო ერთ წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ომამდე მხოლოდ ორი ბორანი ოპერირებდა, ამჟამად კი მათი რაოდენობა შვიდამდეა გაზრდილი.

- ეს ნამდვილად სერიოზული ზრდაა. არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ხომალდი დაემატოს და ამით ტვირთბრუნვა გაიზარდოს?

- დიახ, ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა. დღეისათვის რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული კასპიის ზღვაში საკუთარი საკუთარი ხომალდების განთავსებით, თუ რა თქმა უნდა, ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. ისე, სხვათა შორის, ეს საზღვაო ტრანსპორტის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, მობილურობის წყალობით, ხომალდები სწორედ იქით მიდიან ხოლმე, სადაც მათზე მოთხოვნაა. შესაბამისად, თუ ტვირთბრუნვა გაიზრდება, ხომალდებიც გამოჩნდებიან.

- ნამდვილად, ბიზნესი სწორედ ასე მუშაობს. მოდით, თეორიულად ვიმსჯელოთ, შეიძლება თუ არა რომ მომავალში შუა დერეფანმა სრულად ჩაანაცვლოს რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის დერეფანი?

- არა მგონია, რომ შუა დერეფანი სრულად შეძლებს ჩრდილოეთის კორიდორის ჩანაცვლებას. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალტერნატიულ სატრანსპორტო გზაზე დიდი მოთხოვნა იმის შემდეგაც შენარჩუნდება, რაც რუსეთში ვითარება დასტაბილურდება და ჩრდილოეთის კორიდორში ტვირთბრუნვა აღდგება. ცენტრალური აზიის ქვეყნებს ნამდვილად სურთ, რომ მხოლოდ რუსეთზე გამავალ გზაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, რადგან გეგმა B-ს ქონა ყოველთვის გონივრული და გამართლებულია.

- მოდით, მთავრობის პერსპექტივიდანაც ვისაუბროთ. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ შუა დერეფანი განვითარდეს და თქვენი შეფასებით, არის თუ არა სახელმწიფოსთვის საინვესტიციო შესაძლებლობები ამ მიმართულებით. აგრეთვე, შეიძლება თუ არა რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან გარკვეული შეთანხმებების მიღწევა, რათა ეს დერეფანი უფრო სწრაფი, მარტივი და რაც მთავარია, იაფი გახდეს?

- თუ შევხედავთ საბაჟო სისტემას და შემოსავლების სამსახურს, მაგალითად ფოთში ის ძალიან კარგად მუშაობს და ამით გაოცებული ვარ, რადგან ეს ნამდვილად სწრაფი და ეფექტიანი პროცესია.

- მაგრამ რა ვითარებაა რეგიონის სხვა ქვეყნებში?

- თუკი ფოთის მსგავსი ეფექტიანობა იქნება აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებშიც, როგორც საბაჟო, ასევე სარკინიგზო და საზღვაო გზებთან მიმართებით, მაშინ ჩვენ მართლად დიდებული სერვისი გვექნება.

- გეგმავთ თუ არა ახალი პროექტების განხორციელებას და ინვესტიციების გაზრდას?

- დიახ, ამას ნამდვილად ვგეგმავთ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ცენტრალურ აზიაში ინვესტირების პერსპექტივას, კერძოდ, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და აზერბაიჯანში. საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთბრუნვის ეფექტიანობის გაზრდას და შუა დერეფნის გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები