„გაორმაგებული მოთხოვნის მიუხედავად, ჟანგბადის პრობლემა ქვეყანაში არ შექმნილა“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ჟანგბადის ადგილობრივი წარმოების სიმძლავრეებსა და იმპორტის აუცილებლობას შეეხებოდა.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეები თანდათან გაიზრდება.
„ჩემი ინფორმაციით, ჟანგბადთან დაკავშირებით დღეს, გუშინ, გუშინწინ პრობლემა არ ყოფილა, რადგან ქვეყანაში მოთხოვნა შემცირდა. პიკზე 63 000 აქტიური პაციენტი გვყვავდა და 8 000-მდე ჰოსპიტლებში იყო, მათ შორის ბევრი ჟანგბადდამოკიდებული. ჟანგბადის პრობლემა ქვეყანაში არ შექმნილა. გაორმაგებული მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფომ ეს უზრუნველყო. საკმაოდ გაძლიერებულია ადგილობრივი წარმოება, ძალიან ბევრ საავადმყოფოს თავისი ჟანგბადის ქარხნები აქვს, ასევე ქვეყანაში ჟანგბადი რამდენიმე ქარხნის მიერ იწარმოება. ასევე საჭირო იყო და ყველა ქვეყანას აქვს ხოლმე ჟანგბადის იმპორტი. ვფიქრობ, რომ თანდათანობით სიმძლავრეები მოიმატებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























