მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გარე რეკლამების არხი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია" - რომელი დარგები არიან "ალმას" ხშირი დამკვეთები?

ალმა

სარეკლამო კომპანია "ალმას" დირექტორი, გიორგი ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ გარე რეკლამების მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და სამი სექტორი გამოყო, რომლებიც ამ ტიპის რეკლამის ყველაზე ხშირი დამკვეთები არიან.

"გარე რეკლამის მედია არხი არის, ციფრულთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განსხვავებით სხვა ტრადიციული მედია საშუალებებისგან. ეს მიმართულება ციფრულ არხებთან ერთობლიობაში, ჩვენს დამკვეთებს ძალიან დიდ ეფექტს აძლევს.

დღეს [ამ მიმართულებით] სამი სექტორი შემიძლია გამოვყო. ესენია უძრავი ქონების დეველოპმენტი, ფინანსური სექტორი და ასევე საცალო ვაჭრობა. რაც შეეხება 3D განთავსებებს, ეს უშუალოდ ჩვენი საოპერაციო საქმიანობა უფროა და ნაკლებად გვაქვს უფრო კაპიტალური პროექტები. ეს დამოკიდებულია იმ მოთხოვნაზე, რაც ჩვენი დამკვეთიდან მოდის. თუ მათი მხრიდან იქნება ასეთ განთავსებებზე მოთხოვნა, ჩვენ მზად ვართ, რომ მოვემსახუროთ მათ", - განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ.

"ალმას" დირექტორმა ამის შესახებ კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას ისაუბრა. როგორც ტრაპაიძემ აღნიშნა, 30 მლნ დოლარისა და 8.5 მლნ ევროს ოდენობის ობლიგაციების ემისია კომპანიას მიმდინარე პროექტების დაფინანსებასა და საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებაში დაეხმარება.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან დღეს "ალმას" ისტორიაში. ეს არის ობლიგაციების ემისია 30 000 000 დოლარის და 8 500 000 ევროს ოდენობით. ეს განთავსება არა მხოლოდ ფინანსური ტრანზაქციაა, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯი "ალმას" ისტორიაში. წინ გადადგმული ნაბიჯი, იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენი საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივების გაუმჯობესებას და გაამყარებს "ალმას" პოზიციას გარე რეკლამის ბაზარზე.

თანხის ნაწილი მოხმარდება ჩვენი მიმდინარე პროექტების დაფინანსებას. ვგულისხმობ გარკვეული სარეკლამო კონსტრუქციების განახლებას თბილისსა და რეგიონებში. ასევე ორი ვალუტის აზრი არის ის, რომ გარკვეული ფინანსური საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებას ხმარდება, რომელიც შესაბამის ვალუტებში გვქონდა აქამდე აღებული.

რაც შეეხება ჩვენ გეგმას, რაშიც უშუალოდ ეს თანხა უნდა დაიხარჯოს, ეს ეხება თბილისის და ბათუმში განთავსებული სარეკლამო კონსტრუქციების განახლებას და გარკვეულწილად ახალი კონსტრუქციების ახალ ადგილებზე განთავსებასაც, როგორც სტატიკური კონსტრუქციების, ასევე მონიტორების მიმართულებით", - აღნიშნა გიორგი ტრაპაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები