მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარე რეკლამების კომპანია "ალმას" შემოსავალი ₾68 მილიონამდე გაიზარდა

ალმა

თბილისის და ბათუმის გარე რეკლამების ლიცენზიატმა კომპანიამ, შპს "ალმამ", 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯგუფის კონსოლიდირებულმა შემოსავალმა 68.7 მილიონ ლარს მიაღწია – რაც წინა წელთან შედარებით 15 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით გაიზარდა.

სავარაუდოდ, აღნიშნული მატება დაკავშირებული იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, რამაც ქვეყანაში ბანერების განთავსებაზე მოთხოვნა გაზარდა.

აუდიტორული ანგარიშის თანახმად, ჯგუფისთვის ფულადი ნაკადების მთავარი წყარო კვლავ მომხმარებლებთან გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებია. კერძოდ, სარეკლამო შემოსავლებმა 63.7 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ბანერების ბეჭდვიდან გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 5 მილიონი ლარი იყო.

მიუხედავად საოპერაციო შედეგების პოზიტიური დინამიკისა, წმინდა მოგება 29.3 მილიონიდან 8.5 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ 2023 წელს კომპანიამ შვილობილი კომპანიის გასხვისებიდან ერთჯერადი სარგებელი მიიღო. თუმცა ოპერაციულ დონეზე საქმიანობა კვლავაც მოგებიანი დარჩა.

2024 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტიციები როგორც არამატერიალურ აქტივებში, ისე საინვესტიციო ქონებაში. კონსოლიდირებული აქტივების მოცულობა 352.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის 279.6 მილიონიან მაჩვენებელზე 26%-ით მეტია.

2024 წლის ბოლოსთვის „ალმას“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია Global Investors Limited, მალტაში რეგისტრირებული იურიდიული პირი. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები არიან ლევან და სოსო ფხაკაძეები (50/50 წილით).

"შპს ალმა 1995 წლიდან წარმოადგენს წამყვან კომპანიას საქართველოში გარე რეკლამის ბაზარზე. 2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლიუსის“ სახელით. კომპანია ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და 2002 წლიდან ფლობს სტამბას. დღეს კომპანიის მფლობელობაში არსებული ბილბორდები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. კომპანია ფლობს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიან ექსკლუზიური უფლებას, შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე რეკლამის განთავსების 30 წლიან ექსკლუზიურ უფლებას, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ 15-წლიან ნებართვას და ასევე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების 10-წლიან ნებართვას,"- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

„ალმა ჯგუფში“ შედის 11 შვილობილი კომპანია, მათ შორის: ლაგუნა, ლომსია, კრაკენი 8, სტარტაპ სტუდიო, ალმა ლისი, მილენიუმ თაუერი და სხვები. კომპანიის პარტნიორები არიან ისეთ სფეროებში მოქმედი კომპანიები, როგორიცაა სარეკლამო სერვისები და მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები