მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარემოს დაცვის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს. ​

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები იზრდება.

საუბარია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული.

„წარმოდგენილი კანონპროექტით, კონკრეტული სამართალდარღვევისთვის მოთხოვნილია სანქციების ზრდა. მათ შორის, დღეს მოქმედი დაბალი 200 ლარიანი სანქცია იზრდება 6000 ლარამდე, ხოლო არსებული უმაღლესი 1000 ლარიანი ჯარიმა 30 000 ლარამდე. დაჯარიმებების სტატისტიკა საკმაოდ დიდია, თუმცა აღსანიშნავია, რომ დინამიკაში ეს ტენდენცია კლებადია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა ბითაძემ. ​

აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის აღმასრულებელ უწყებად განსაზღვრულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები